პოლიტიკა
„შაჰ-დენიზის მე-2 ფაზის ფარგლებში საქართველოში 400-700 მლნ დოლარის ოდენობის ინვესტიციები ჩაიდება“ - ბაქოში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი დასრულდა

Sah-mtსაქართველო, 18 დეკემბერი, საქინფორმი. დასრულდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილი ვიზიტი ბაქოში, რომლის დროს ხელი მოეწერა შაჰ-დენიზისმეორე ფაზის დაფინანსებაზე შეთანხმებას.
პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია სამხრეთ კავკასიური მილსადენის გაფართოება, რათა მოხდეს თურქეთის მიმართულებით წლიურად დამატებით 16 მლრდ კუბური მეტრი გაზის მიწოდება. დაგეგმილია პარალელური მილსადენის მშენებლობა - 387 კმ აზერბაიჯანის, ხოლო 55 კმ საქართველოს ტერიტორიაზე. ორი დამატებითი საკომპრესორო სადგურის, ახალი წნევის რეგულირებისა და გამზომი სადგურის ინსტალაცია საქართველოში. შაჰ-დენიზის მე-2 ფაზის ფარგლებში საქართველოში 400-700 მლნ დოლარის ოდენობის ინვესტიციები ჩაიდება. მშენებლობის პიკის პერიოდში ქვეყანაში - 2000, ხოლო ექსპლუატაციის პერიოდში 130 ახალი მუდმივი სამუშაო ადგილი შეიქმნება. გარდა ამისა, საქართველო მილსადენის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ დამატებით ბუნებრივ აირს მიიღებს.
არსებული შეთანხმების თანახმად, საქართველოს შეუძლია ტრანზიტით გატარებული ბუნებრივი აირი 5% შეღავათიან ფასად შეისყიდოს, რაც გაზსადენის მაქსიმალური დატვირთვის შემთხვევაში წელიწადში დამატებით მილიარდ კუბურ მეტრ გაზზე მეტს შეადგენს. ამასთან, პარალელური მილსადენების მშენებლობისათვის საქართველოს პორტებისა და რკინიგზის გამოყენებით დაახლოებით 350 000 ტონა სამშენებლო ტვირთისა და მასალების გადაზიდვა განხორციელდება.
ცნობისთვის: შაჰ-დენიზის საბადო ყველაზე დიდი საბადოა აზერბაიჯანში, რომელიც კასპიის ზღვაში მდებარეობს. ის 1999 წელს აღმოაჩინეს. საბადოს ოპერატორები არიან კომპანიები - BP (25.5%), Statoil (25.5%), SOCAR (10%), Total S.A. (10%), LUKoil (10%), NIOC (10%), TPAO (9%). შაჰ-დენიზის საბადოს რეზერვი დაახლოებით 1 ტრილიონი კუბური მეტრია.

საბადოზე გაზისა და გაზის კონდენსატის მოპოვება 2006 წელს დაიწყო.

Sah-1