პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტის საახალწლო მილოცვა

1-pol-3-prez-milocvaძვირფასო მეგობრებო!
სულ მალე ჩვენს სამშობლოში ახალი წელი შემოაბიჯებს. მინდა გულითადად მოგილოცოთ ეს დღესასწაული.
ხაზგასმით მინდა მივულოცო იმ ადამიანებს, ვისაც ახლა განსაკუთრებით უჭირს; მომავალი წელი მათთვის დახმარების წელი უნდა იყოს.
მინდა მივულოცო იმ ხალხს, ვინც დღეს საქართველოში არ იმყოფება. მომავალი წელი მათი სამშობლოში დაბრუნების წელი უნდა იყოს.

მსურს განსაკუთრებით მივულოცო ჩვენს ჯარისკაცებს. მათი თავდაუზოგავი და გმირული შრომის შედეგად ჩვენ დღეს მშვიდად გვძინავს.

მინდა მივულოცო ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს. ჩვენ უნდა შევძლოთ წარსულის ტკივილის გადალახვა და ახალი ხედვით ახალი საქართველოს აშენება.

ჩემო მეგობრებო,

გასული წელი უმნიშვნელოვანესი იყო ქართული დემოკრატიისთვის. გასულ წელს თავისუფალი დემოკრატიული პროცესის შედეგად, ჩვენ შევძელით დემოკრატიის კონსოლიდაცია, პოსტსაბჭოთა ეპოქის დამთავრება და თანამედროვე ევროპული სახელმწიფოს მშენებლობის დაწყება. მაგრამ თანამედროვე ევროპული საქართველოს მშენებლობა უნდა დაეფუძნოს ქართულ ღირებულებებს და ქართულ ტრადიციებს.

მოსაფიქრებელი ბევრი არაფერი გვაქვს - უბრალოდ უნდა მივუბრუნდეთ საკუთარ თავს.

ქართველი თავისუფლებაზეა ორიენტირებული. ქართული კულტურა მრავალფეროვნებისა და შემწყნარებლობის კულტურაა. ქართველი კაცი ინდივიდუალისტია, მაგრამ, ამავე დროს, გვაერთიანებს ლოზუნგი „ძალა ერთობაშია“.

სწორედ ამ ღირებულებებზე დაყრდნობით, ახალი სულის შთაბერვით უნდა შევქმნათ ახალი ქართული, თანამედროვე, ევროპული სახელმწიფო. სწორედ ასე, დაუღალავი შრომით, იმ ფასეულობების ერთგულებით, რომლებიც წარსულთან გვაკავშირებს და უხილავ ხიდებს აბამს მომავალთან, უნდა შევქმნათ თანამედროვე ქართული სახელმწიფო - ისეთი, როგორზეც ჩვენი წინაპრები ოცნებობდნენ.

მე ყველას გისურვებთ ბედნიერებას, ჯანმრთელობას, დღეგრძელობას და კეთილდღეობას. მოგიწოდებთ, რომ ერთად დავდგეთ ამ ახალი ქვეყნის მშენებლობის პროცესში.

კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალ წელს!