უცხოეთი
სამხრეთ ოსეთი რუსეთთან შეერთებაზე ფიქრობს

osetia-ucx-1საქართველო, 10 იანვარი, საქინფორმი. სამხრეთ ოსეთის ყველაზე დიდმა პარტიამ - „ედინაია ოსეტიამ“, რომელსაც პრეზიდენტობის ექს-კანდიდატი ანატოლი ბიბილოვი ხელმძღვანელობს, რესპუბლიკის მეთაურ ლეონიდ თიბილოვს „ჩრდილოეთ ოსეთთან გაერთიანების“ საკითხზე რეფერენდუმის ჩატარების თხოვნით მიმართა. განმცხადებლების თქმით, რეფერენდუმზე ამომრჩევლებმა უნდა უპასუხონ კითხვას, მოიაზრებენ თუ არა სამხრეთ და ჩრდილოეთ ოსეთს „რუსეთის ფედერაციის ერთიან სუბიექტად“.

შესაძლო პლებისციტის ორგანიზების საკითხების განხილვას „ედინაია ოსეტიას“ დეპუტატები თებერვალში ცხინვალის კონფრენციაზე გეგმავენ, რომელშიც მონაწილეობა უნდა მიიღონ ორივე რესპუბლიკის ავტორიტეტულმა საზოგადო და პოლიტიკურმა ფიგურებმა. რეფერენდუმის ინიციატორები მის ჩატარებას ზაფხულში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებთან ერთად აპირებენ.

იმ შემთხვევაში, თუ თიბილოვი პლებისციტს არ გამოაცხადებს, „ედინაია ოსეტია“ მთელ იურიდიულ პროცედურას დამოუკიდებლად ჩაატარებს. ბიბილოვის თქმით, ასეთივე რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს რუსეთშიც, რისთვისაც „აუცილებელია კოლოსალური მუშაობა რუსულ საპარლამენტო პარტიებსა და საზოგადოებასთან“.