სამართალი
Human Rights Watch-ის წლიური ანგარიში

human-rights-watch-logoსაქართველო, 22 იანვარი, საქინფორმი. Human Rights Watch-ის წლიურ ანგარიშში საქართველოს სამი გვერდი დაეთმო. წამება, არაადამიანური მოპყრობა, წინა ხელისუფლების დროს ჩადენილი სამართალდარღვევები, დამოკიდებულება სექსუალური უმცირესობების მიმართ, მედიის თავისუფლების ხარისხი, არჩევნები და თანამშრომლობა ევროკავშირთან - ეს ის ძირითადი საკითხებია, რომლებიც ავტორიტეტული ორგანიზაციის დოკუმენტში მოხვდა.

„2013 წლის 17 მაისი - ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე. შეკრება ძალადობრივად დაშალა აღნიშნული ღონისძიების მოწინააღდეგე ათასობით დემონსტრანტმა. მათ შორის, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სამღვდელოების ზოგიერთმა წარმომადგენელმა“, - ნათქვამია Human Rights Watch-ის დასკვნაში.

17 მაისის მოვლენების გარდა, დოკუმენტში ცალკე თავი ეთმობა აღმსარებლობის თავისუფლებას. საუბარია ჭელას მინარეთის ინციდენტის შესახებ.

დასკვნაში მითითებულია, რომ შსს ინარჩუნებს სათვალთვალო აპარატურას კავშირგაბმულობის ოპერატორთა შენობებში, რაც მას აძლევს ყველანაირი კომუნიკაციის ავტომატური წვდომის შესაძლებლობას სასამართლოს მხრიდან კონტროლის გარეშე.

ქვეთავში - წამება და არაადამიანური მოპყრობა - მითითებულია, რომ სასამართლომ ამის გამო 14 მაღალჩინოსანს გამოუტანა მსჯავრი. ამავე ქვეთავში მოხვდა პროკურატურის მხრიდან პასუხისმგებლობიდან მთლიანად გათავისუფლებული ვლადიმერ ბედუკაძეც, რომელმაც კადრები გაასაჯაროვა.

დასკვნაში მნიშვნელოვანი ნაწილი ეთმობა პროკურატურაში შეტანილ 20000-დე სარჩელს, რომლებიც წინა ხელისუფლების ქმედებებს უკავშირდება.

ექსპრემიერ ვანო მერაბიშვილის საქმე და ფინანსურ პოლიციაში თბილისის მერიის მაღალჩინოსნების დაბარება - ამ საკითხებს დასკვნაში ერთ-ერთი ქვეთავი ეთმობა.

დასკვნაში დადებითად არის შეფასებული 2013 წლის ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნები, რომელიც, საერთაშორისო დამკვირვებელთა ინფორმაციით, გამჭვირვალედ და ობიექტურად ჩატარდა.