პოლიტიკა
სკანდალური ვიდეოს ერთ-ერთი მთავარი გმირი - სამხედრო ატაშე დიდ ბრიტანეთში, გენერალი დავით ნაირაშვილია!

nairishvili-pol-1-an1საქართველო, 30 იანვარი, საქინფორმი. 2014 წლის 29 იანვარს, საღამოს, სოციალური ქსელით გავრცელდა ვიდეორგოლი, სადაც ყოფილი მაღალჩინოსნები - ვანო მერაბიშვილი, დათა ახალია, ერეკლე კოდუა, დავით ნაირაშვილი, გიგი უგულავა, ზურაბ ადეიშვილი და საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ე.წ. მუხროვანის სპეცოპერაციის დროს არიან აღბეჭდილი.

"გურია ნიუსი" დაუკავშირდა საქართველოს მოქმედ სამხედრო ატაშეს დიდ ბრიტანეთში, გენერალ დავით ნაირაშვილს, რომელიც ჯერ კიდევ თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას მიერ არის დანიშნული ამ თანამდებობაზე. მან განაცხადა, რომ არ სურდა მისი სახელის დაფიქსირება, თუმცა, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, "გურია ნიუსი" მის ინტერვიუს უცვლელად გთავაზობთ.

- ბატონო დავით, სოციალური ქსელით გავრცელდა ვიდეოკადრები, სადაც ყოფილ მაღალჩინოსნებთან ერთად თქვენ ხართ. რატომ იყავით იქ, რას გეგმავდით, რა ხდება ვიდეოკადრებში?

- არაფერი არ ხდება. ეს არის მუხროვანის ამბოხება. მე ვხელმძღვანელობდი შტაბს. მაგის "სასტავი" რომ გაიქცნენ, სამი 2 კაცი რომ იყვნენ, გახსოვთ?! უბრალოდ, ისინი გაიქცნენ და ვანო გაღიზიანდა ამ კონკრეტულ საკითხზე. იგულისხმა ან დაიჭირეთ, ან რაღაცა ქენით, მომიყვანეთ ეს ხალხიო. მეტი არაფერი.

- ბატონო დავით, ამ წუთისთვის ბრიტანეთში თქვენი რეგალია რა არის?

- არაფერი არ უნდა დაწერო. მე თქვენ უბრალოდ გეუბნებით ამ ინფორმაციას. მაგრამ არაოფიციალურად. კანონის თანახმად მე არ მაქვს უფლება, მივცე კომენტარი. რა ვქნა, ჩემო კარგო, კანონი არსებობს. არ მაქვს უფლება ნებისმიერ ამბავზე  გავცე კომენტარი. უბრალოდ გეუბნებით: ის იდიოტური აჟიოტაჟი, რომელიც არსებობს, რამენაირად მოიხსნას. მეტი არაფერი.

- სწორედ იმიტომ გირეკავთ, რომ გავრკვიოთ, რა ხდება.

- იცით, ჩემო კარგო. მე თანამდებობაზე ვარ და ოფიციალურ კომენტარს ვერ მოგცემთ. იქ, ჩემს გარდა, 1000 კაცი იყო. ვინც ახლა თბილისშია.  იმათ დაურეკეთ.

- კადრში ჩანს დათა ახალაია. ნამდვილად არ ვიცი, როგორ უნდა დავუკავშირდე, თორემ დავურეკავდი.

- მიშას დაურეკეთ ამერიკაში. ის თავისუფლად მოგცემთ კომენტარს. ან გიგი უგულავას დაურეკეთ, მან ყველაფერი იცის მშვენივრად. კოდუა თბილისშია?!

- არ ვიცი. მაგრამ ვეცდები, მასაც დაუკავშირდე.

- უბრალოდ, იმის გამო, რომ მე ვარ თანამდებობაზე, არ მაქვს უფლება, მოგცეთ კომენტარი. თითიდან გამოწოვილი ვითომ რაღაც ამბავია. არაფერი არ არის.

- ბატონო დავით, ვის დასჭირდა ამ ვიდეორგოლის გავრცელება ახლა და ადრე რატომ არ გაავრცელეს ეს ჩანაწერი?

- არ ვიცი. შეიძლება იმ დღეს რომ გავრცელდა, ვითომ კიდევ რაღაცა ჩანაწერი ამოიღეს. შეიძლება ამ ჩანაწერებში იპოვეს. გთხოვთ, ჩემი გვარი და თანამდებობა  არსად არ ახსენოთ.