პოლიტიკა
ახალი ვიდეოფაქტები: “მინდა მე ორი კაცი, ორი გვამი მჭირდება! მომიტანეთ ეს ორი გვამი! ვსიო, პრემია დიდია!” – 2009 წლის 5 მაისს შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი პრეზიდენტ სააკაშვილის ბრძანებას ასრულებს და მკვლელობებს უკვეთავს!

gvami-pol-2საქართველო, 30 იანვარი, საქინფორმი. გუშინ, 2014 წლის 29 იანვარს, საღამოს, საინფორმაციო საიტმა CIVIL PRESS (სამოქალაქო პრესა) თავის გვერდზე სოციალურ ქსელ Facebook-ში და YouTube-ზე ახალი სკანდალური ვიდეორგოლი გაავრცელა, რომელიც მოწმობს ექსპრეზიდენტ სააკაშვილის და მისი ყველაზე მაღალი თანამდებობის ჩინოვნიკების უშუალო თანამონაწილეობას სისხლიან დანაშაულებებში - მკვლელობებსა და პროვოკაციებში.

2009 წლის 5 მაისს არავინ იცის, ვის მიერ გადაღებულ ვიდეოზე, რომლის ხანგრძლივობა 4 წუთი და 6 წამია, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი, იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი, თბილისის მერი გიგი უგულავა, საქართველოს შსს-ს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის (სოდ) და კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის (კუდ) ხელმძღვანელები ერეკლე კოდუა და დათა ახალაია, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული შტაბის უფროსი, გენერალი დავით ნაირაშვილი (ამჟამად - საქართველოს სამხედრო ატაშე დიდ ბრიტანეთში), პოლკოვნიკი შმაგი თელია და შსს-ს და თავდაცვის სამინისტროს სხვა მაღალჩინოსნები ე.წ. მუხროვანის ამბოხების სალიკვიდაციო ერთობლივ სპეცოპერაციას ახორციელებენ.

საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ ე.წ. მუხროვანის ამბოხება სააკაშვილის ხელისუფლების მსხვილი პროვოკაცია იყო: სცენარის მიხედვით, ქართული არმიის მებრძოლმა და ავტორიტეტულმა პოლკოვნიკებმა და გენერლებმა - გიორგი კრიალაშვილმა, დავით ოთანაძემ, ლევან ამირიძემ, კობა კობალაძემ და გიორგი ხვალაძემ მოსკოვიდან დავალება მიიღეს - სამხედრო ამბოხი მოეწყოთ თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ბაზაზე მუხროვანში (თბილისთან ახლოს), რათა იქ ნატოს წვრთნების ჩატარება ჩაეშალათ, შემდეგ კი ტანკების კოლონით თბილისისკენ დაძრულიყვნენ და საქართველოს ხელისუფლების დამხობის მიზნით სამხედრო გადატრიალება მოეწყოთ.

ვითომდა იმისათვის, რომ წარუმატებელი ამბოხების ორგანიზატორებს რუსეთის ტერიტორიისთვის არ შეეფარებინათ თავი, მათი ლიკვიდაციისთვის ოფიციალური ჯილდო დაინიშნა - 200 ათასი დოლარი. შედეგად უიარაღო კრიალაშვილი მხეცურად ჩაცხრილეს, ოთანაძე და ამირიძე მძიმედ დაჭრეს და დააპატიმრეს, კობალაძე და ხვალაძე შეთითხნილი ბრალდებით დააპატიმრეს და საქართველოში ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ ისინი პოლიტპატიმრების სტატუსით იქნენ გათავისუფლებული.

“მინდა მე ორი კაცი, ორი გვამი მჭირდება! მომიტანეთ ეს ორი გვამი! ვსიო, პრემია დიდია!” - ბრძანებს ვიდეოზე მერაბიშვილი, რომელმაც სააკაშვილის ბრძანება მიიღო და, როგორც ჩანს, გულისხმობს ოთანაძეს და ამირიძეს, რომლებიც კრიალაშვილის ლიკვიდაციის შემდეგ იმ მომენტისთვის ჯერ აღმოჩენილი არ ჰყავდათ.