სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება

1-komisiis-sa-2საქართველო, 30 იანვარი, საქინფორმი. შინაგან საქმეთა სამინისტროში უკანონო მიყურადებისა და ფარული ჩანაწერების საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე ხელმძღვანელობდა. სხდომას ესწრებოდნენ კომისიის წევრები – საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი თამარ ქალდანი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე მერაბ გაბინაშვილი, ექსპერტი კახა კახიშვილი, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ხელმძღვანელი ეკა გიგაური, გაზეთ „რეზონანსის“ მთავარი რედაქტორი ლაშა ტუღუში. კომისიის სხდომაში მონაწილეობის მისაღებად ასევე მიწვეულ იქნა მთავარი პროკურორის მოადგილე ირაკლი შოთაძე.

კომისიის სხდომაზე მოისმინეს სამუშაო ჯგუფის მიერ გაწეული სამუშაოს ანგარიში. კომისიამ მიიღო შემდეგი სახის გადაწყვეტილებები:

1. კომისიის მომდევნო სხდომა 31 იანვარს, 17:00 საათზე გაიმართება;

2. კომისიის სხდომაზე წარმოდგენილ იქნეს დასამტკიცებლად პირადი ცხოვრების პატივისცემისა და ხელშეუხებლობის დაცვის მიზნით შემუშავებული კანონპროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“;

3. სამუშაო ჯგუფს დაევალა, კომისიის მომდევნო სხდომაზე დაზუსტებული სახით წარმოადგინოს იმ აუდიო/ვიდეო/ფოტო მასალისა და დოკუმენტაციის შემცველი ინფორმაცია/მონაცემები, რომელიც უნდა გადაეგზავნოს მთავარ პროკურატურას გამოძიების დაწყების მიზნით ან დაექვემდებაროს განადგურებას;

4. სამუშაო ჯგუფმა დასამტკიცებლად წარმოადგინოს კომისიის წევრებთან შეთანხმებული კომისიის საქმიანობის საბოლოო ანგარიში.

1-komisiis-1 1-komisiis-2