პუბლიკაციები
აქა ამბავი მიშას ბრძანებულებისა და... საბჭოთა სიმბოლიკის შესახებ

ukazასე გულიც კი შეიძლება გაგისკდეს. ახლახან წამოწოლილი ვკითხულობ მასალას პრეზიდენტის ახალი ბრძანებულების შესახებ და უცებ საბჭოური სითბო და სიმყუდროვე ვიგრძენი. ჩვენი კაცია პრეზიდენტი მიშა, ასი პროცენტით ჩვენია! აი, რატომ იკატუნებს თავს, თითქოს ამერიკელების მეგობარი და დასავლური ყაიდის დემოკრატია, ვერ გამიგია! ერთ რამედ ღირს მისი ოქტომბრის (ბოლშევიკების საყვარელი თვე) ბრძანებულება - ბიუროკრატული ხელოვნების დიდებული ნაწარმოები, რომელსაც ერთგვარი ვოლუნტარიზმის ელფერი დაჰკრავს - ელექტროდენისა და გაზის მოწოდების შეწყვეტის შესახებ, თუ არ გადაიხდი ნაგვისა და წყლის გადასახადს.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა მიმდინარე წლის პირველ ოქტომბერს გამოსცა ბრძანებულება, რომლის თანახმად, საქართველოს კანონის “ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” კანონის 49 მუხლში შეტანილია ცვლილებები, რომლებიც ეხება “ელექტროენერგიის, წყალმომარაგებისა და დასუფთავების სამსახურის ინტეგრირებული და კოორდინირებული ადმინისტრირების” საკითხს. ახალი მოცემულობით, ყველა კომუნალური მომსახურების გადასახადი დაეფუძნება საერთო სისტემას, რომელიც უახლოეს ხანში ამოქმედდება. ორიენტირებული იქნება იმ მომხმარებელთა მომსახურების შეწყვეტაზე, რომლებიც არ გადაიხდიან თუნდაც ერთ კომუნალურ გადასახადს.

რა ეშმაკურადაა გადახლართული ყველაფერი, ზუსტად სკკპ ან ბოლშევიკური სახკომსაბჭოს ტრადიციებისამებრ, ოციანი და ოცდაათიანი, სამოცდაათიანი და ოთხმოციანი, ნაწილობრივ ოთხმოცდაათიანი წლების პრაქტიკის საუკეთესო პრაქტიკის გამეორებით. არ ჩააბარებ მარცვლეულს ან ძროხას, ჩაგსვამენ, წინააღმდეგობას გაუწევ, კედელთან მიგაყენებენ. არ გამოიწერ გაზეთებს “პრავდასა” და “კომუნისტს” ან “ზარია ვოსტოკას” - კვარტალური პრემიის გარეშე დაგტოვებენ. მიუხედავად იმისა, რომ არავითარი უშუალო კავშირი არ არსებობს ბეჭდურ პროდუქციასა და ფულად ანაზღაურებას შორის, მაგრამ ამას იოლად ახერხებდნენ, როგორც, ხაზგასმით აღვნიშნოთ, აკეთებენ დღეს. ახალი ადმინისტრაციულ-ეკონომიკური პირამიდის თანახმად, ერთი გადასახადი ასპროცენტიანად მხარს უჭერს მეორეს, საერთო ჯამში კი ერთ მიზანს ემსახურება: უკანასკნელი კაპიკები გამოღლიტონ ხალხს. თანაც ისე მოხდენილად და უკანონოდ (არადა, კანონიერებაზე გაუთავებლად ყბედობს ეთერში ხელისუფლება), რომ დაიჯერებ მორიგი “შაჰის ფირმანის” უდიდეს გამაჯანსაღებელ ძალასა და ეფექტიანობას...

ეს ოფიციალური ქაღალდი სრულ გენეტიკურ იდენტურობას ამჟღავნებს “განვითარებული სოციალიზმის” ეპოქის ტრაფარეტებთან. და საბჭოთა სიმბოლიკის დიდებულ მაგალითად წარმოგვიდგება, რომლის წინააღმდეგაც თითქოს მონდომებით იბრძვიან “პარლამენტის პარტიელები”, რის დასტურადაც უკვე პირველი მოსმენით განიხილეს შესაბამისი დოკუმენტი.

ეს აქტი რომ მიიღონ, ჩვენს პრეზიდენტს, კანონის თანახმად, წარსულის სიმბოლიკის გადმოღებისთვის არ ასცდებოდა მწარე ხვედრი. ჩვენთან ჭეშმარიტი და აყვავებული დემოკრატია რომ იყოს, ამერიკული იმპიჩმენტი, ან, ჩვენი რეალიების გათვალისწინებით, ქსნის კოლონიაში ან დრანდის ციხეში ეტაპირება უზრუნველყოფილი ექნებოდა (თუ, რა თქმა უნდა, იმ დროისთვის იდეოლოგიურად გავერთიანდებოდით აფხაზეთთან).

ბოლშევიკურ სიმბოლიკასთან ჩვენს ბრძოლას ზოგიერთი არასერიოზულად მიიჩნევს, თვლის, რომ ეს არის მხოლოდ ეშმაკური მანევრი, რათა, ერთის მხრივ, დოკუმენტურად მონიშნონ საბჭოთა მენტალიტეტისა და შესაბამისი ფსიქოლოგიის ლიკვიდაციის პროცესი, მეორე მხრივ, ამ ფუყე აქტით აიმაღლონ საკუთარი ავტორიტეტი ამერიკელი და ევროპელი მეგობრების თვალში. რეალურად კი - განაგრძონ ცხოვრება ცეკას და სახკომსაბჭოს დირექტივების ტრადიციების ერთგულებით, გამოსცენ “სწორი” ბრძანებულებები, ამორჩევით დაიცვან კანონები და ცენტრალიზებულად უხელმძღვანელონ ყველაფერს, საზოგადოებრივ ტუალეტებში ერთიანი ტარიფების დადგენასაც კი.

გაქნილები არიან ქართველი “ნაციონალები”, სხვათა სიუჟეტების გადმოღების აშკარა პლაგიატით დაღდასმულები. თუნდაც კინოკომედია “ბრილიანტის ხელის” რიგითი პერსონაჟის - სახლმმართველის, რომლის როლს ნონა მორდიუკოვა ასრულებს, “საქმიანობის” მეთოდების უპარდონო გადმოღებით გამორჩეულები. ასე გვაბრუნებს იგი უკან, საბჭოთა კავშირში, საიდანაც 20 წლის წინათ გამოვედით და საიდანაც თვითონ იგი გამოხტა ხანდაზმულ კომკავშირულ ასაკში, როცა, უთუოდ საკმაოდ მყარად ჰქონდა ათვისებული წარსული ეპოქის ზოგიერთი ორგანიზაციული შემადგენელი.

სავარაუდოა, რომ თვით ნიკოლოზის ძე ბავშვობაში მოწმე იყო იმისა, რომ ალექსანდრე დიუმა-მამის დეფიციტურ ტომს - “გრაფინია დე მონსორო” დამატებად მოჰყვებოდა “დიამატის” ფოლიანტი ან, უკეთეს შემთხვევაში, - ლეონიდ ილიჩის “მცირე მიწა”. იმ “ილიჩისა”, რომელიც პოლიტმუშაკად ყოფნის დროს, პოლკოვნიკის ჩინით, წიგნის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ჭკუას არიგებდა და მითითებებს აძლევდა მარშალ ჟუკოვს და უმაღლესი მთავარსარდლის ბანაკს იმაზე, თუ როგორ უნდა მოეგოთ ომი ფაშისტების წინააღმდეგ. ასეთი იყო იგი - უბრძნესი და უსამართლიანესი - გენერალური მდივანი. რატომაც არ უნდა გავიხსენოთ იგი საჭიროების ჟამს და არ ავაჩქაროთ ჩვენი დამუხრუჭებული ფინანსები და ეკონომიკა ეშმაკური ადმინისტრირებით? ცუდად მიგვდის ბიზნესის, ექსპორტის, ინვესტირების საქმეები. სამაგიეროდ ხალხს, რომლის უმრავლესობა უმუშევარია, უკანასკნელ კაპიკებს ართმევენ. მიდგომა, უკეთესად ვერ იტყვი, გამოქვაბულის დროინდელია: მოკვდი უგაზოდ, უწყლოდ, უსინათლოდ, თანაც გაუტანელი ნაგვით!

აი, ასეთი “კინო მოუგონა ხელისუფლებამ ხალხს, ვისი კეთილდღეობისთვისაც, ამათ ყური რომ უგდო, იღწვის დღედაღამ. ეს, რა თქმა უნდა, ანტიდემოკრატიულია, ანტისაბაზრო ურთიერთობებია და საერთო არაფერი აქვს თავისუფალ ბიზნესთან. ეს ძალიან ჰგავს ცხოვრებას ტრაგიკომიკურ ჟანრში შექმნილ ერთ დიდ პოტიომკინის სოფელს, პაროდიას უღრუბლო სახელმწიფოზე, რომელმაც ბოროტი მტრის ახირების გამო თავისი ტერიტორიის ნაწილი დაკარგა.

ასეთად წარმოჩნდება თავისი მოქალაქეებისთვის ქვეყანა, დემოკრატიის შუქურა (ამერიკელების თვალსაზრისით), რომელიც უპოვართა წინააღმდეგ დაუნდობლად იყენებს “სისტემურ წნეხს” - მოსახლეობისთვის გადასახადების ტარიფების ზრდას უცხოური კომპანიების სასარგებლოდ, მაგალითად, - თელასის და ყაზტრანსგაზის სასარგებლოდ და ქალაქის მოგების გასადიდებლად. იგივე ითქმის თბილისის წყლის - Gეორგიან ჭატერ ანდ Pოწერ (GჭP) კომპანიის მიმართაც, რომელმაც უკვე რამდენჯერმე გაზარდა ტარიფები წყალზე.

ამგვარი ადმინისტრაციული პირამიდის უაზრობა მტკიცდება იმითაც, რომ თელასიც და ყაზტრანსგაზიც წარმატებით იცავენ თავს ურჩი გადამხდელებისგან ენერგომატარებლების გათიშვით და მხოლოდ ჯარიმის გადახდის შემდეგ ჩართვით. კომპანია ამის გამო წაგებული არ რჩება. ასე რომ, მათ დასახმარებლად გაწვდილი ხელი უაზრო და უსარგებლო ჟესტად რჩება. ვიღას სჭირდება ამ შემთხვევაში მორიგი ორგანიზაციული აბდაუბდა?

უთუოდ, - დედაქალაქის ბატონ მერსა და დედაქალაქის მერიას, რომელიც რეგულარულად ატარებს ტენდერს ქუჩების დასუფთავებისა და დიდი მოცულობის ნაგვის გატანისა და ტექნიკური მარილის ქუჩაში დაყრის საკითხებში დაინტერესებული პირების მოსაზიდად.

როგორ ეწყობა ეს სატენდერო ღონისძიებანი და ვინ რჩება მოგებული ამ საქმიდან, რომელშიც წლიდან წლამდე სულ უფრო მეტი ფული იდება, ჩვენი არც საზრუნავია და არც ინტერესის საგანი. მთავარი აქ სულ სხვა რამეა. მოტანილი ფაქტის გათვალისწინებით თუ ვიმსჯელებთ, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოქალაქე უგულავას გარკვეული გავლენა აქვს მოქალაქე სააკაშვილზე; რადგან ამ უკანასკნელმა, ვერ ვიტყვი, მექანიკურად, მაგრამ ფრიად ლიბერალურად მოაწერა ხელი ბრძანებულებას ანტიკონსტიტუციურობის ნაფიფქით, რომელსაც, ჩემი აზრით, მალე მონდომებით გაემიჯნება.

საქმე ისაა, რომ, ევროპული კანონმდებლობის თვალსაზრისით, ბრძანებულება იმდენად ანტიდემოკრატიული და სულელურია, რომ სულაც არ საჭიროებს არგუმენტებით დასაბუთებას. ნებისმიერი ინსტანციის სასამართლო ევროპის მიყრუებულობაშიც კი პირველსავე მოსმენის დროს მიიჩნევს მას ყოველგვარ საფუძველსმოკლებულ აქტად. ჩვენ კი ადგილობრივ დონეზე კვლავ მოგვიწევს პრეზიდენტისა და დედაქალაქის მერის რეიტინგის ბინძური გამოკითხვის მორიგ დინებაში ჩაყურყუმალება.

ამერიკელები კიდევ ერთხელ მეცნიერულად გაარკვევენ, რომ სააკაშვილის პრიორიტეტულ პოლიტიკას მხარს უჭერს გამოკითხულთა 105 პროცენტი, უგულავას - 101. რატომ ასზე მეტი? იმიტომ, რომ გამოკითხვის დროს გაითვალისწინეს გარდაცვლილთა აზრი, რომელიც მათმა ნათესავებმა მკვლევარებს აცნობეს. ზოგიერთმა “კანონმცოდნემ” პირველი ვიცესპიკერის რანგში, პრეზიდენტის მიერ გადადგმული ნაბიჯი ასე შეაფასა: “თუ მოსახლეობას არ სურს, 10 წლით უკან დაბრუნდეს და სურს, ჰქონდეს გაზი, სინათლე, წყალი და გაიტანონ ნაგავი, ამ მომსახურებისთვის უნდა გადაიხადოს ფული: თოვლის ბაბუა ხომ არ დააფინანსებს ამას?! ჩვენ ხომ არ შეგვიძლია მივწეროთ წერილი და ვთხოვოთ, ჩვენს ნაცვლად გადაიხადოს კომუნალური მომსახურების ანგარიშები?”

მართალიცაა, ჩვენ, გადამხდელები, უკვე დიდი ხანია, არ ვართ იმ ასაკში, რომ წერილები მივწეროთ ან დავურეკოთ თოვლის ბაბუას. მაგრამ ვიცესპიკერმა, რომელიც არცთუ ისე ახალგაზრდაა და 10 თუ 12 წელიწადია, რაც პარტიულ და საპარლამენტო ხელმძღვანელთა რიგებშია, ასევე, მისი კოლეგების უმრავლესობამ უნდა უწყოდეს, რომ მათი პერსონალური ბრალიცაა ის სოციალური უკუღმართობანი, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში ხდება. განვლილ პერიოდში ადამიანებს ნორმალურად ცხოვრების პირობებიც არ ჰქონდათ. ამიტომაც არ გროვდება კომუნალური გადასახადები სრული მოცულობით და ამიტომ უხდებათ სახელმწიფოს მართვა საეჭვო ბრძანებულებებით, რომლებსაც თან სდევს დემაგოგიური განცხადებები. თოვლის ბაბუას ამასთან მართლაც არავითარი კავშირი არ აქვს. ბევრი ხელმძღვანელისა და პარლამენტარის მჭერმეტყველებაში იოლად იკვეთება ლოგიკური კავშირი. ასე ხდება, უთუოდ, იმ უბრალო მიზეზისა გამო, რომ ჩვენი რეალური ცხოვრება, როგორც წესი, არ შეესაბამება იმ “სიმართლესა” და დებულებებს, რის დამტკიცებასაც “ხალხის რჩეულნი” ცდილობენ. ცნობილია ისიც, რომ თანამდებობრივი დემაგოგიის გარეშე მაღალ საპარლამენტო თანამდებობას ვერ მიიღებ. ფიგურანტებს უხდებათ გამოცდის ჩაბარება აბსურდების დამტკიცებასა და იმაში, რომ თეთრი უეჭველად შავია და პირიქით. არც ისაა ცუდი, რომ ჩვენს პრეზიდენტს მეთორმეტე თაობიდან კავშირი აქვს ბაგრატიონების დინასტიასთან. ამ “ფაქტს” იხსენებდა თვით ბატონი სააკაშვილი გულახდილობის წუთებში, მაშინ, როცა მონარქობას აპირებდა. მაგრამ ამჟამად ამის საჭიროება მოხსნილია, რადგან საპრეზიდენტო ვადის გასვლის შემდეგ მას პრემიერობისკენ აქვს კურსი აღებული.

ამიტომაა, რომ ამჟამად, მინისტრთა საბჭოს ქაღალდშემოქმედების უდიდესი მოცულობის გათვალისწინებით, პრეზიდენტი პროგრესული “ბრძანებულებათმცოდნეობის” დაჩქარებულ პრაქტიკას გადის თბილისის ქალაქის თავის რჩევით, რომელსაც, როგორც ჩანს, თბილისის “გენერალური მერის” თანამდებობის სამუდამო თანამდებობა აქვს დაბევებული.

ამბობენ, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაძლიერებულად ემზადებიან მორიგი “ნოუ-ჰაუსთვის”. ამჯერად ლაპარაკობენ ერთიან ადმინისტრაციაზე კავშირგაბმულობისა და ტელეკომუნიკაციების სისტემაში, ერთიანი მაკონტროლებელი და დამსჯელი სისტემის შექმნაზე, ცხადია, დიდი ფულის გაკეთების მიზნით. შედეგად, ურჩ გადამხდელებს საშუალება არ ექნებათ, ისაუბრონ მობილური ან ქალაქის ტელეფონებით, თუ არ გადაიხდიან, ვთქვათ, საკაბელო ტელევიზიის ან მომსახურების ახლადდანერგილი პაკეტის რომელიმე კომპონენტის ფულს.

და კიდევ ერთი რამ ჩაროზად: პრეზიდენტის გარემოცვის ერთ-ერთი ინფორმირებული წყაროს ცნობით, მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა აფრიკელი ბურების საქართველოში ჩამოსახლების პროექტზე, დავით აღმაშენებელის მიერ ყივჩაღების ჩამოსახლების მიბაძვით. გაუგებარია, სად მიუჩენენ ადგილსამყოფელს მესხეთელ თურქებს, რომლებსაც საქართველოში დაბრუნების ევროპული მანდატი აქვთ? მაგრამ ეს დეტალებია, რომელთა გადაწყვეტა შეიძლება ორი ავტონომიის დაწესებით - “ბურების” და “მესხეთელების” - უჭკნობი “საბჭოთა სიმბოლიკის” მიბაძვით, რომელიც ჩვენთან ძალიან საინტერესო გაგრძელებას პოულობს.

 

საქინფორმი