პოლიტიკა
“სოჭის ოლიმპიადა და მისი შესაძლო შედეგები” - ევრაზიის ინსტიტუტის პოლიტიკური ექსპერტი გიორგი ვეკუა - სპეციალურად საქინფორმისათვის

1-vekua-an-1-pol-1საქართველო, 3 თებერვალი, საქინფორმი. 2014 წლის 7 თებერვალს რუსეთის ქალაქ სოჭში გაიხსნება ზამთრის 22-ე ოლიმპიური თამაშები, რომლებიც 23 თებერვლამდე გასტანს. რუსეთის ხელისუფლება დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ამ სპორტული ღონისძიების მაღალ დონეზე და მშვიდობიანად ჩატარებას, რაც კავკასიის რეგიონში სტაბილურობის სერიოზული ფაქტორი შეიძლება გახდეს.

ოლიმპიადის ჩატარების ადგილი ძალზე ახლოსაა კავკასიის მტკივნეულ წერტილებთან. სოჭიდან სულ რამდენიმე კილომეტრშია აფხაზეთის ტერიტორია, ხოლო ჩრდილოეთით დასავლეთ კავკასიის ავტონომიური რესპუბლიკები მდებარეობენ.

ამ რესპუბლიკების მოსახლეობის ნაწილი ე.წ. ჩერქეზული (ადიღეური) წარმოშობისაა, ხოლო როგორც ცნობილია, ჩერქეზ ნაციონალურ აქტივისტთა ნაწილი ოლიმპიადის სოჭში ჩატარების გამოყენებას თავიანთი მიზნებისთვის ცდილობდა და ცდილობს. ისინი მოითხოვდნენ რუსეთის ხელისუფლებისგან, რომ მას ეღიარებინა „ჩერქეზი მოსახლეობის გენოციდი“ კავკასიური ომის დროს (1817-1864 წწ.). რა თქმა უნდა, რუსეთის ხელისუფლება ამ საკითხს არც განიხილავს.

სხვათა შორის, სააკაშვილის დროინდელი პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება „გენოციდის“ აღიარების შესახებ ჯერჯერობით არ არის გაუქმებული. კარგი იქნებოდა, თუ ამჟამინდელი ხელისუფლება ამ საკითხს დაუბრუნდებოდა და უფრო რეალისტურ გადაწყვეტილებას მიიღებდა, რაც რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებას წაადგებოდა.

თავად ჩრდილოკავკასიური რესპუბლიკებისთვის ოლიმპიადის ჩატარება ეკონომიკურად მომგებიანი უნდა იყოს. სპორტული ღონისძიებისთვის მზადების პროცესში სოჭში და მის მიმდებარე ტერიტორიებზე აშენდა მრავალი ტურისტული და სპორტული ობიექტი, გარემონტდა ინფრასტრუქტურა. ამან მთლიანობაში უნდა გააუმჯობესოს რუსეთის შავიზღვისპირეთის და მისი მიმდებარე დასავლეთ კავკასიის აღქმა რუსეთის თუ მსოფლიო ტურისტულ ბაზარზე.

საბჭოთა კავშირის დროს ჩრდილოეთ კავკასიის დასავლეთი ნაწილი (მათ შორის ყაბარდო-ბალყარეთი, ადიღე და ყარაჩაი-ჩერქეზეთი) ერთ-ერთი უდიდესი ტურისტული ცენტრი იყო. აფხაზეთის და ჩეჩნეთის ომების შედეგად და ტერორისტული აქტების მომრავლების გამო ამ რეგიონის ტურისტულ-რეკრეაციული მნიშვნელობა მკვეთრად დაეცა.

თუ სოჭის ოლიმპიადა მშვიდობიანად ჩატარდა, მაშინ მიმდებარე კურორტების პოპულარობაც თანდათანობით აიწევს. რუსეთის ხელისუფლებას სპეციალური სახელმწიფო პროგრამა აქვს შემუშავებული, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს ჩრდილო კავკასიაში ე.წ. ტურისტული კლასტერების შექმნას. თუმცა ამ მიზნის მიღწევას ხელს უშლის, როგორც აღვნიშნეთ, პერიოდულად განხორციელებული ტერაქტები, რომლებსაც რადიკალური ისლამისტები აწყობენ. თუ მოსკოვმა ვერ მოახერხა უსაფრთხოების მისაღებ დონეზე უზრუნველყოფა, განსაკუთრებით, ყაბარდო-ბალყარეთში, მაშინ მილიონობით ტურისტის მოზიდვაზე ლაპარაკი ზედმეტი იქნება.

სოჭის ოლიმპიადას რუსეთის ხელისუფლება განიხილავს, როგორც ქვეყნის იმიჯის გაუმჯობესების საშუალებას მსოფლიო არენაზე. გეოგრაფიული მდგომარეობის უნიკალურობის და სილამაზის გამო, მართლაც ცოტა ქალაქი თუ გაუწევს კონკურენციას სოჭს ზამთრის ოლიმპიადების დედაქალაქებს შორის. თავის დროზე სააკაშვილი ცდილობდა, მისთვის ჩვეული ახირებულობით სოჭის ოლიმპიადა დაეკნინებინა და მოიგონა აბსურდული ლოზუნგი, თითქოს დამსვენებელი ზაფხულში მესტიაში ავიდოდა თხილამურებზე სასრიალოდ და შემდეგ მისი (სააკაშვილის) მიერ აშენებული გზით ჩამოგრიალდებოდა და პირდაპირ შავ ზღვაში გაადენდა ტყაპანს, სადაც ახლა უკვე ზაფხულის დასვენებას განაგრძობდა. ამ დროს კი სოჭში მართლაც არის ერთმანეთთან სულ რამდენიმე კილომეტრის დაშორებით პლაჟები და სათხილამურო ტრასები, თუმცა ორივე ტიპის დასვენებას თავისი დრო აქვს.

თავად რუსეთში, მიუხედავად იმისა, რომ მთლიანობაში დადებითი დამოკიდებულებაა ოლიმპიადის ჩატარების მიმართ, ისმის კრიტიკული ხმებიც. ძირითად კრიტიკას იწვევს, ზოგიერთის აზრით, ზედმეტად გაბერილი ხარჯები, რასაც მშენებლობის პროცესში კორუფციას უკავშირებენ. ასევე, გარკვეულ უკმაყოფილებას გამოთქვამენ თავად ქალაქ სოჭის ტურისტული სექტორის წარმომადგენლები, რომელთა აზრით, დიდი ინვესტიციების მოდინებამ ქალაქში იგი ძვირად ღირებულ კურორტად აქცია და დასვენების ფასები გაზარდა, რის შედეგადაც პატარა სასტუმროების და კერძო სახლების მეპატრონეებს კლიენტები შეუმცირდათ.

თუმცა ნელ-ნელა სიტუაცია, ალბათ, დარეგულირდება და ოლიმპიადის ჩატარების შემდეგ ისევ ძველ კალაპოტს დაუბრუნდება, ხოლო გაუმჯობესებული საქალაქო და ტურისტული ინფრასტრუქტურა კი დარჩება და დასვენების ხარისხს აამაღლებს. თუკი ასე მოხდა, სოჭის ოლიმპიადა აშკარად დადებით როლს ითამაშებს რუსეთის შავიზღვისპირეთის და დასავლეთ კავკასიის განვითარებაში. ტურისტული სექტორის გარეშე ყაბარდო-ბალყარეთის და ყარაჩაი-ჩერქეზეთის ეკონომიკური წინსვლა ძნელი წარმოსადგენია, ეკონომიკური სტაბილურობის გარეშე კი გრძელვადიანი სტაბილურობა და ტერორიზმის დამარცხება ამ რეგიონში შეუძლებელი ჩანს.