საზოგადოება
ბიძინა ივანიშვილი: „არავითარი რეალური ძალა არ არსებობს იმისა, რომ ჩვენ ვერ მოვახერხოთ და აგვისტოში ასოცირების ხელშეკრულებას ხელი ვერ მოვაწეროთ“

1-asocireba-sazogadoeba-3საქართველო, 4 თებერვალი, საქინფორმი. დღეს სასტუმრო „რედისონში“ ბიძინა ივანიშვილის არასამთავრობო ორგანიზაცია „მოქალაქის“ პრეზენტაცია გაიმართა. ორგანიზაციის მოკლე წარდგინების შემდეგ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტების კითხვებსაც უპასუხა.

ივანიშვილის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს წარმოდგენა, რომ ევროპა მათ აღმოაჩინეს, ის არავის აღმოჩენა არ არის, ის ჩვენს გენებშია.

„ევროპელობა არ არის ვინმეს აღმოჩენა დღეს, თუმცა „ნაციონალურ  მოძრაობას“  აქვს წარმოდგენა, რომ ევროპა და ამერიკა მათ აღმოაჩინეს.  ჩვენ ევროპაში შესვლას კი არ ვაპირებთ, ჩვენ ვერთიანდებით იმ ფასეულობებთან, რასაც ვაჟას ნაწერებში ნახავთ უამრავს, ამას იმიტომ ვიხსენებ, რომ ეს ჩვენს გენებშია, ჩვენი საზოგადოების მოთხოვნილებაა. ამას ვერავინ ვერ შეაჩერებს, მე, ჩემი აზრით, სიტუაციას კარგად ვაანალიზებ და არავითარი რეალური ძალა არ არსებობს იმისა, რომ ჩვენ ვერ მოვახერხოთ და აგვისტოში ხელშეკრულებას ხელი ვერ მოვაწეროთ, არათუ ხელშეკრულებას ასოცირების შესახებ, ჩვენ აქტიურად უნდა ვიფიქროთ ევროკავშირის წევრობაზე, ხელშეკრულება ერთ–ერთი ეტაპია და არა გადამწყვეტი, ჩვენ უნდა მოვახერხოთ და ძალიან სწრაფი ნაბიჯებით დავბრუნდეთ ჩვენ ევროპულ ოჯახში“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც არ გამორიცხავს, რომ ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერამდე საქართველოს გარკვეული სირთულეები შეიძლება შეუქმნას არა მხოლოდ რუსეთმა, არამედ სირთულეები შესაძლოა ქვეყნის შიგნითაც იყოს, „თუმცა ეს იქნება უსუსური მცდელობა და ხელს ვერ შეგვიშლის ხელმოწერაში“, – დასძინა ივანიშვილმა.