სამართალი
ნინო ბურჯანაძე: „აუცილებლად მომიწევს ამ სასამართლოში მოწმის სახით ჩვენების მიცემა, როდესაც სააკაშვილი განსასჯელის სკამზე იჯდება“

1-nina-samartali-3საქართველო, 4 თებერვალი, საქინფორმი. გუშინ, 3 თებერვალს, საქალაქო სასამართლოში 26 მაისის საქმეზე გამართულ სასამართლო სხდომაზე  „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ჩვენება მისცა. მან  26 მაისის აქციის დაშლის ფაქტს „სადამსჯელო ღონისძიება” უწოდა და განაცხადა, რომ მის მიერ მიწოდებული ობიექტური ინფორმაცია სასამართლოს ყოფილი შს მინისტრის ვანო მერაბიშვილის მიმართ სამართლიანი განაჩენის გამოტანაში დაეხმარება.

თავად ვანო მერაბიშვილმა ნინო ბურჯანაძეს მადლობა გადაუხადა და უთხრა, რომ მის დაცვას ძალიან გამოადგება ბურჯანაძის მიერ მიცემული ჩვენება და გაიხსენა 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დაშლის ფაქტი, რომლის ერთ-ერთი ინიციატორი იყო ნინო ბურჯანაძის მეუღლე, სასაზღვრო პოლიციის მაშინდელი უფროსი ბადრი ბიწაძე.
„ის იყო ერთ-ერთი, ვისი ინიციატივაც იყო 7 ნოემბრის მიტინგის დაშლა იმ ფორმით, რა ფორმითაც ეს განხორციელდა“
, - განაცხადა მერაბიშვილმა.

თავის მხრივ, ბურჯანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მერაბიშვილის გვერდით ბრალდებულის სკამზე მიხეილ სააკაშვილიც უნდა იჯდეს.

„ყველა იმ დანაშაულში, რომელზეც დღეს იყო საუბარი, უმთავრესი დამნაშავე მიხეილ სააკაშვილია. ვფიქრობ, აუცილებლად მომიწევს ამ სასამართლოში მოწმის სახით სააკაშვილის წინააღმდეგ ჩვენების მიცემა, როდესაც სააკაშვილი განსასჯელის სკამზე იჯდება“.
3 თებერვალს, სასამართლო სხდომის პარალელურად, ხმაური იყო საქალაქო სასამართლოს ეზოშიც, სადაც ერთმანეთს ვანო მერაბიშვილის მხარდამჭერი აქციის წევრები და ნინო ბურჯანაძის მომხრეები დაუპირისპირდნენ.