პოლიტიკა
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი მომავალი თვის ბოლოს თბილისს ეწვევა
1-polit-2-rompuiსაქართველო, 5 თებერვალი, საქინფორმი. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ჰერმან ვან რომპუი უახლოეს მომავალში თბილისს ეწვევა. ამის შესახებ მან განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა და აღნიშნა, რომ მომავალი თვის ბოლოს საქართველოში ვიზიტს გეგმავს. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ვიზიტისთვის და ხაზგასმით დააფიქსირა ევროკავშირის პრინციპული პოზიცია საქართველოს სუვერენიტეტისადმი. მანვე შეშფოთება გამოხატა მავთულხლართების გავლების პროცესის გამო. 
ჰერმან ვან რომპუიმ მედიისთვის გაკეთებულ განცხადებაში საქართველოს მხრიდან ვიზების ლიბერალიზაციის კუთხით გადადგმული ნაბიჯები დადებითად შეაფასა და კიდევ ერთხელ აღნიშნა ევროკავშირის მზაობა, საქართველოსთან ასოცირების შეთანხმებას რაც შეიძლება უმოკლეს ვადაში მოეწეროს ხელი.

თავის მხრივ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დააფიქსირა საქართველოს ხელისუფლებისა და ქართველი ხალხის მტკიცე ნება ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერასთან დაკავშირებით. მან ისაუბრა საქართველოს წინაშე მდგარ გამოწვევებზე და აღნიშნა, რომ ევროკავშირის როლი ამ პროცესებში უმნიშვნელოვანესია.