პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი: „რუსეთის ფედერაციასთან ჩვენ არ ვრჩებით ერთი-ერთზე, დაპირისპირებულები“ - საქართველოს პრეზიდენტი სოჭის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილე ქართველ სპორტსმენებს შეხვდა

1-polit-3-mtav-sportsmenebsსაქართველო, 6 თებერვალი, საქინფორმი. გუშინ, ა.წ. 5 თებერველს, საქართველოს პრეზიდენტი სოჭის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილე სპორტსმენებს ნინო წიკლაურს (მედროშე), იასონ აბრამაშვილს და ალექსი ბენიაიძეს შეხვდა. გიორგი მარგველაშვილმა მათ წარმატება უსურვა, ხოლო სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრს ლევან ყიფიანს, ასევე საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს ლერი ხაბელოვს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ღონისძიების სათანადოდ მომზადებისთვის.

„დღეს ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ სოჭში ასეთი გამორჩეული სპორტსმენები მიდიან და იქ დაიცავენ ჩვენი პატარა, მაგრამ ძალიან ამაყი ქვეყნის სახელს, რომელმაც მსოფლიო რუკაზე ადგილი სწორედ ასეთი სპორტსმენებისა და სხვა უნიჭიერესი ადამიანების დამსახურებით დაიმკვიდრა. ჩვენს სპორტსმენებს წარმატებას, ქართული სიამაყისა და განსაკუთრებულობის გატანას ვუსურვებ, რასაც ყოველთვის ვახერხებდით.

საქართველო სოჭში  მსოფლიო თანამეგობრობის გვერდით იდგება, იმ ქვეყნების გვერდით, რომლებიც მხარს უჭერენ ჩვენი ტერიტორიის მთლიანობას და ჩვენი ქვეყნის საზღვრების ურყევობას. რუსეთის ფედერაციასთან ჩვენ არ ვრჩებით ერთი-ერთზე, დაპირისპირებულები. მინდა დავარწმუნო ყველა, ვისაც ამ პროცესის პოლიტიზება უნდა - პოლიტიკურადაც ეს ძალიან სწორი გადაწყვეტილებაა“, - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

(შეხვედრის ამსახველი ვიდეომალა შეგიძლიათ იხილოთ გიორგი მარგველაშვილის ოფიციალურ გვერდზე Facebook- ში.)

1-polit-3-1-sportsmenebs