პოლიტიკა
“თავისუფალი საქართველო”: ვთხოვთ ბიძინა ივანიშვილს, თავი შეიკავოს ეკლესიის საქმეებში ჩარევისგან

polit-1-eklesiisსაქართველო, 10 თებერვალი, საქინფორმი. ორგანიზაცია „მოქალაქეს“ პრეზენტაციაზე ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ საპატრიარქოს, სასულიერო პირების და პატრიარქის კრიტიკა საჭიროა. მან მოუწოდა მედიის წარმომადგენლებს, დაინტერესდნენ და ისაუბრონ ეკლესიაში არსებულ შესაძლო დარღვევებზე.

მივიჩნევთ, რომ ყოფილი პრემიერის განცხადება ეკლესიის თემის ტაბუირებასთან დაკავშირებით არამართებულია. საქართველოში უკვე წლებია ფუნქციონირებს მრავალი ულტრა-ლიბერალური იდეოლოგიის ორგანიზაცია, რომელთა ბიუჯეტი მილიონობით დოლარს ითვლის და რომელთა საქმიანობაც სწორედ მართლმადიდებელი ეკლესიის ღია და საჯარო დისკრედიტაციაა.

სამწუხარო იქნება, თუ ბიძინა ივანიშვილის მიერ ახლად დაარსებული ორგანიზაციაც დაკავდება ამ საქმით, ხელისუფლების კონტროლის და ჯანსაღი ოპონირების ნაცვლად, რაც წარმოადგენს სამოქალაქო საზოგადოების რეალურ ფუნქციას.

მიუღებლად მიგვაჩნია ჟურნალისტების დაგეშვა და ჩასაფრება საპატრიარქოში მიმდინარე მოვლენებზე და ვთხოვთ ბიძინა ივანიშვილს, პატივი სცეს საქართველოს სამოციქულო ეკლესიის დამოუკიდებლობას, რაც ისტორიულად უმნიშვნელოვანეს როლს ატარებს ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის შენარჩუნების და განვითარების საქმეში.