პოლიტიკა
პრემიერი ღარიბაშვილი: "ჩვენს ტერიტორიაზე მხოლოდ ერთი ქვეყანა არსებობს და ეს საქართველოა"

BBC-pol-3საქართველო, 10 თებერვალი, საქინფორმი. რეალობა ისაა, რომ ჩვენს ტერიტორიაზე მხოლოდ ერთი ქვეყანა არსებობს და ეს საქართველოა, - ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშილმა BBC-ს ეთერში გააკეთა.

BBC-ის ჟურნალისტის შეკითხვა სოჭის ოლიმპიადასა და იქ დამოუკიდებელი სახელმწიფოს ლიდერების რანგში საქართველოს ორი არაღიარებული რეგიონის ხელისუფლების წარმომადგენელთა შესაძლო მიწვევას და საზეიმო მიღებას უკავშირდებოდა. ჟურნალისტმა სერგეი ლავროვის სიტყვები გაიხსენა, როდესაც რფ-ის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველო არსებულ რეალობას არ იღებს.

"რეალობა ისაა, რომ ამ ტერიტორიაზე მხოლოდ ერთი ქვეყანაა და ეს საქართველოა. ოკუპირებული რეგიონები ჩვენი ტერიტორიაა. ჩვენ ჩვენს მიწას ვიზიარებთ აფხაზებთან და ოსებთან და მომავალშიც ასე იქნება", - უპასუხა ღარიბაშვილმა.

ჟურნალისტმა უკრაინის მოვლენებიც გაიხსენა და საქართველოს პრემიერს ჰკითხა, რაკიღა საქართველოსაც სურს ევროკავშირთან დაახლოება, ელოდება თუ არა იგი მოსკოვისგან ასეთსავე ზეწოლას, რაზეც ირაკლი ღარიბაშვილმა მიუგო:

„ჩვენ უნდა დავარწმუნოთ რუსეთი, რომ ქართველების ევროინტეგრაცია არ არის საფრთხე და რისკი მისთვის. თვითონ რუსეთიც უნდა იყოს დაინტერესებული, რომ ჰყავდეს ძლიერი, დემოკრატიული, სტაბილური, სანდო და პროგნოზირებადი მეზობელი ქვეყანა სამხრეთ კავკასიაში“.