პოლიტიკა
ხუბუტია - პუტინს: “ქართული დელეგაცია გაოგნებულია ჩვენი თბილი მიღებით და მდაბლად გიკრავენ თავს და უზარმაზარ მადლიერებას გამოხატავენ!”

xubutia-pol-1საქართველო, 11 თებერვალი, საქინფორმი. გუშინ, 10 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა შეხვედრა გამართა 2014 წლის სოჭის ზამთრის XXII ოლიმპიური თამაშების მომზადებისა და ჩატარების საზოგადოებრივი საბჭოს წარმომადგენლებთან. შეხვედრა სოჭის მედიაცენტრში გაიმართა, რომელიც გახსნილია ოლიმპიურ თამაშებზე აკრედიტაციის არმქონე ჟურნალისტებისთვის, მასზე, კერძოდ, გამოვიდა საზოგადოებრივი საბჭოს წევრი - რუსეთის ქართველთა კავშირის პრეზიდენტი მიხეილ ხუბუტია:

მ. ხუბუტია: ღრმად პატივცემულო ვლადიმერ ვლადიმერის ძევ! პატივცემულო კოლეგებო! ჩემი აზრით, თქვენ, ვლადიმერ ვლადიმერის ძევ, თქვენს გამოსვლაში თავმდაბლობაც კი გამოიჩინეთ, იმიტომ რომ მოხდა მართლაც გრანდიოზული მოვლენა. ბევრს, შესაძლოა, რუსების 30 პროცენტსაც კი, ეჭვი ეპარებოდა, რომ ეს მოხდება, მაგრამ ჩვენდა საბედნიეროდ, ეს მოხდა უმაღლეს დონეზე. თქვენი გამარჯვება - ეს ჩვენი გამარჯვებაა. ასეთი შეკრული რუსი ხალხი 45 წლის გამარჯვების შემდეგ არ მინახავს, როდესაც საბჭოთა კავშირმა გაიმარჯვა. მე გულწრფელად ვლაპარაკობ. უზმარმაზარი მადლობა თქვენ. სამშობლო და ღმერთი დაგაფასებენ.

ახლა ის, რაც საზოგადოებრივ საბჭოს ეხება. უდიდესი მადლობა ვიტალი ნიკიტიჩს (იგნატენკო, საზოგადოებრივი საბჭოს ხელმძღვანელი - საქინფორმი) და ქალაქის მერს ბატონ პახომოვს, იმიტომ რომ რეალურად ისინი იძლეოდნენ დავალებებს ყოველ კვირას.

იყო აქ ეროვნებათაშორისი საკითხებიც მათ შორის, ყველაფერი უზადოდ არ ყოფილა. თქვენ თვითონაც მშვენივრად იცით, რომ ზოგიერთი მეზობელი, ზოგიერთი ჩვენი მეზობლის წინა ხელისუფლება ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ ხელი შეეშალა, და რაღაც ყრილობებსაც კი აწყობდნენ, მაგრამ ჩვენ ძირშივე აღვკვეთეთ და შევძელით ამის გაკეთება. თქვენ სწორად უთხარით ვიტალი ნიკიტიჩს, რომ მან უნდა გააგრძელოს საზოგადოებრივი საბჭოს ხელმძღვანელობა და ჩვენ, ბუნებრივია, დავექვემდებარებით.

უზარმაზარი მადლობა. და თუ შეიძლება, ვლადიმერ ვლადიმერის ძევ, ერთი შეკითხვა: თქვენ შეგვპირდით, რომ ოლიმპიადის გახსნის შემდეგ ახალი წლის შეხვედრის ნებას მოგვცემდით. როდის დადგება ეს დღე?

ვ. პუტინი: პარალიმპიური თამაშების დამთავრების შემდეგ. 17-ში პარალიმპიადა მთავრდება, ესე იგი, 18-ში მე და თქვენ ახალი წელი გვექნება.

მ. ხუბუტია: უღრმესი მადლობა.

გუშინ შევხვდი ქართულ დელეგაციას. გაოგნებულები არიან ჩვენი თბილი მიღებით და მდაბლად გიკრავენ თავს და უზარმაზარ მადლიერებას გამოხატავენ. გმადლობთ.

ვ. პუტინი:ახლა ველაპარაკე, უფრო სწორად, შეკითხვა მომცეს სწორედ პირდაპირ აქ ქართველმა ჟურნალისტებმა, მეკითხებოდნენ იმის თაობაზე, როგორ ვუყურებთ ქართველი სპორტსმენების ჩამოსვლას. ბუნებრივია, შეგვიძლია მხოლოდ გვიხაროდეს და მათ წარმატებები ვუსურვოთ.

უკვე ვთქვი და მინდა გავიმეორო: ვფიქრობ, რომ ამ თვალსაზრისით ოლიმპიადა ძალზე დადებით როლს ასრულებს. როგორც იცით, გაიხსნა ახალი რეისები, მუშაობა დაიწყო თბილისსა და სოჭს შორის ავიამიმოსვლის მუდმივმა ხაზმა. ჩვენ გამოვდივართ იქიდან, რომ ის მომავალშიც იმუშავებს. ეს ყველაფერი შექმნის წინაპირობებს ჩვენს უახლოეს მეზობელთან - საქართველოსთან ურთიერთობის ნორმალიზებისთვის, რომელთანაც ძალიან დიდი ხნის და ძალიან ახლო ურთიერთობა გვაკავშირებს საუკუნეების მანძილზე.

ძალიან ვისურვებდი, რომ წინა წლების ტრაგედიები რაც შეიძლება მალე ჩაბარდეს წარსულს. ჩვენ გვესმის, რომ ეს მარტივი პროცესი არ იქნება,მაგრამ რუსეთის ხელისუფლება განწყობილია სწორედ საქართველოსთან ჩვენი ურთიერთობის პოზიტიურ განვითარებაზე.

მ. ხუბუტია: უღრმესი მადლობა.