პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამართლებრივ რეფორმებსა და ადამიანის უფლებების საკითხებში თომას ჰამარბერგი მიიღო

polit-3საქართველო, 12 თებერვალი, საქინფორმი. შეხვედრისას მხარეებმა იმ რეფორმებზე ისაუბრეს, რომლებიც ქვეყანაში ადამიანის უფლებების მიმართულებით ხორციელდება.  თომას ჰამარბერგმა შეხვედრა დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტთან ძალზე კონსტრუქციული საუბარი ჰქონდა.

„ჩვენ ვისაუბრეთ ადამიანის უფლებების თვალსაზრისით გასატარებელ ღონისძიებებზე. ეს არის სტრატეგია, რომელიც დასამტკიცებლად პარლამენტს უნდა წარედგინოს ადამიანის უფლებების ძირითადი პრინციპების გათვალისწინებით, და ასევე სამოქმედო გეგმა, რომელიც უშუალოდ მთავრობამ უნდა მიიღოს. ჩვენ ასევე აღვნიშნეთ, რომ ეს ორი დოკუმენტი უნდა მოიცავდეს ადამიანის იმ ყველა ძირითად უფლებას, რომელთა დაცვაც საქართველოსთვის ძალზე მნიშვნელოვანია - ესენია საზოგადოების სოციალურად დაუცველთა ჯგუფების უფლებები, მათ შორის უმცირესობებისა და ბავშვთა უფლებები. მეტად კონსტრუქციული საუბარი გვქონდა. რა თქმა უნდა, პრეზიდენტი ძალიან მონდომებულია, რომ ხელი შეუწყოს ამ პროცესებს, რათა ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით, საქართველო საუკეთესო ქვეყანა  გახდეს ევროპაში“, - განაცხადა ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა.