საზოგადოება
ბათუმის უნივერსიტეტსა და ეკლესიას დანგრევა ემუქრება

barbares-eklesiaროგორც საქინფორმის ბათუმის კორესპონდენტმა გვაცნობა, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ბარბარეს ეკლესიის დანგრევის შესახებ განცხადება დღეს შოთა რუსთაველის ბიუსტთან შეკრებილმა აჭარის „მამულიშვილთა საგვარეულო კავშირისა“ და „სახალხო კრების“ წარმომადგენლებმა გააკეთეს.

„მამულიშვილთა კავშირის“ თავმჯდომარე ნიაზ ბოლქვაძის განცხადებით, საუბარი რუსთაველის ქუჩაზე ყინულის სახლიდან დელფინარიუმამდე ყველა საზოგადოებრივი შენობა-ნაგებობის დემონტაჟზე მიმდინარეობს. მისი ვერსიით, ამის მიზეზი ქალაქში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებაა.

„სახალხო კრების“ წარმომადგენლის, ზაურ სოლომონიძის თქმით, რუსთაველის ბიუსტის პედასტალი მოპირკეთებული არ არის და ამით მისი ღირსება ილახება.

ნიაზ ბოლქვაძე და ზაურ სოლომონიძე არსებული ვითარებიდან გამოსავალს ანტიეროვნული ხელისუფლების შეცვლაში ხედავენ.

აჭარის ქონების მართვისა და პრივატიზების დეპარტამენტის უფროსი აბესალომ გურგენიძე აცხადებს, რომ ბარბარეს ეკლესიისა და უნივერსიტეტის დემონტაჟის საკითხი აჭარის მთავრობაში არ განიხილება და რომ ეს არასწორი ინფორმაციაა.