პოლიტიკა
საქართველო კვლავ ლიდერობს რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში: ივანიშვილის საყვარელი პარტიის ლიდერმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას რფ-ის წინააღმდეგ სანქციების გამოყენება მოსთხოვა

1-gruzia-pol-1-anსაქართველო, 12 მარტი, საქინფორმი. კოალიცია “ქართულ ოცნებაში” შემავალი რესპუბლიკური პარტია, მიუხედავად იმისა, რომ აბსოლუტურად არ ჰყავს ელექტორატი და პრაქტიკულად ოთხი წევრის პარტიაა (პარტიის თავმჯდომარე - შეთავსებით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი და პარტიის სამი ლიდერი - პარლამენტის წევრები: უსუფაშვილის მეუღლე თინა ხიდაშელი და ძმები ბერძენიშვილები - ლევანი და დავითი) - მმართველი პარტიაა საქართველოში. ქართველი რესპუბლიკელები, ბიძინა ივანიშვილის აღიარებით, მისთვის მისაბაძი მაგალითია და ის ისწრაფვის მათი, როგორც პოლიტიკოსების დონეს მიაღწიოს, ხოლო თავად რესპუბლიკური პარტია - მისი საყვარელი პარტია, პოლიტიკური პარტიისა და აკადემიზმის ეტალონი.

ამიტომ აშშ-ის ყველაზე საიმედო, ძველი და ნაცადი საყრდენი საქართველოში - რესპუბლიკური პარტია - ყოველთვის წარმოადგენს ქართული სახელმწიფოს პოზიციას მსოფლიო არენაზე და ეს პოზიცია პრაქტიკულად ყოველთვის ემთხვევა საქართველოს ექს მმართველი პარტია “ნაცმოძრაობის” და მისი ლიდერის - სააკაშვილის პოზიციას.

ასე მოხდა გუშინაც, როდესაც საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა, კოალიცია “ქართული ოცნების” წევრმა თინათინ ხიდაშელმა, რომელიც სტოკჰოლმში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკური კომიტეტის სხდომაში მონაწილეობდა, როგორც ასამბლეის ლიბერალური ფრაქციის ვიცე-პრეზიდენტი, რუსეთის წინააღმდეგ ევროპის საბჭოს წესდებით გათვალისწინებული ყველა სანქციის გამოყენება მოითხოვა.

“ეს დისკუსია ამ კომიტეტში 6 წლის წინ უნდა შემდგარიყო, როდესაც რუსეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოს, ჩემი სამშობლოს ნაწილის ოკუპაციას ახდენდა მორიგ ჯერზე. სამწუხაროდ, ეს არ მოხდა. მაშინ რუსეთი ვერ შეაჩერეთ. იმედია, ეს დღეს მაინც მოხერხდება და არავინ გაიზიარებს ამ დარბაზში რუსეთის წარმომადგენლების საუბარს იმაზე, რომ რუსი განმათავისუფლებლები უკრაინის ფაშისტებისაგან გათავისუფლებისათვის იბრძვიან. დღეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია სახელები დავარქვათ მარტივ მოვლენებს. რუსეთის ინტერვენცია დამოუკიდებელ სახელმწიფოში სახეზეა. ევროპის საბჭოს კი მხოლოდ ის შეუძლია,  რუსეთს დაუდასტუროს, რომ ევროპის საბჭო თავისუფალი დემოკრატიული ქვეყნების ორგანიზაციაა და შესაბამისად აამოქმედოს სანქციები სრულად”, - განაცხადა ხიდაშელმა თავის გამოსვლაში.