პოლიტიკა
პრეზიდენტი მარგველაშვილი: "რუსეთის ფედერაცია სწორედ ასეთი "რეფერენდუმებითა" და "არჩევნებით" ახორციელებს საოკუპაციო მმართველობას საქართველოს ტერიტორიის ნაწილზე - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში"

refer-pool-3საქართველო, 18 მარტი, საქინფორმი.
უკიდურესად შეშფოთებული ვართ უკრაინაში, კერძოდ, ყირიმში გამართული ე.წ. რეფერენდუმის გამო, რომელიც რეგიონის მომავალ სტატუსს უკავშირდებოდა.
ასეთი ტიპის რეფერენდუმის გამართვას უკრაინის კონსტიტუცია არ ითვალისწინებს და მას არ შეიძლება ჰქონდეს სამართლებრივი შედეგები.
ამას გარდა, წარმოუდგენელია ვისაუბროთ თავისუფალი არჩევანისა და ხალხის ნების თავისუფალი გამოვლენის შესახებ იქ, სადაც მდგომარეობას აკონტროლებენ უცხო ქვეყნის, კერძოდ, რუსეთის შეიარაღებული ფორმირებები. საქართველომ კარგად იცის, თუ რას ნიშნავს მსგავსი ქმედება. რუსეთის ფედერაცია სწორედ ასეთი "რეფერენდუმებითა" და "არჩევნებით" ახორციელებს საოკუპაციო მმართველობას საქართველოს ტერიტორიის ნაწილზე - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში.

საქართველოს ხელისუფლება არ ცნობს ე.წ. ყირიმის რეფერენდუმს, ისევე, როგორც საერთაშორისო თანამეგობრობა, არ აღიარებს ამ უკანონო რეფერენდუმის შედეგებს და მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.