სამართალი
მთავარმა პროკურატურამ შსს-ს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ყოფილ დირექტორს ერეკლე კოდუას ბრალი წარუდგინა

kodua-samart-2საქართველო, 18 მარტი, საქინფორმი. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობის ჩადენის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ყოფილ დირექტორს ერეკლე კოდუას ბრალი წარუდგინა.

2008 წლის 29 აგვისტოს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის დირექტორი ერეკლე კოდუა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენისა და შენახვის ფაქტზე დაკავებულ ბრალდებულ მერაბ რობაქიძეს შეჰპირდა არასაპატიმრო სასჯელზე საპროცესო შეთანხმების გაფორმებას, სანაცვლოდ კი მოსთხოვა ორი ავტომანქანის ყიდვა სახელწიფოსთვის გადასაცემად. მერაბ რობაქიძე დათანხმდა და შეიძინა 90 000 აშშ დოლარის საერთო ღირებულების ორი ავტომანქანა, რომელთაგან ერთ-ერთი - LEXUS GX 470 მოდელის 45 000 აშშ დოლარად ღირებული ავტომანქანა, ერეკლე კოდუამ თაღლითური გზით, მოტყუებით გადააფორმა თავისი არასრულწლოვანი შვილის - ნოდარ კოდუას სახელზე.

2009 წლის თებერვალში ერეკლე კოდუა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენისა და შენახვის ფაქტზე დაკავებულ ბრალდებულ გიორგი გურჩიანს და მის ძმას, შპს „ტოიოტა ცენტრი თბილისის“ დირექტორს ერეკლე გურჩიანს დაჰპირდა არასაპატიმრო სასჯელზე საპროცესო შეთანხმების გაფორმებას, რაც, პირველი შემთხვევის მსგავსად, სცილდებოდა მისი უფლებამოსილების ფარგლებს, სანაცვლოდ კი მოითხოვა თავისი დედის ლაურა ღაჭავასთვის შპს „ტოიოტა ცენტრი თბილისიდან“ გამოყვანილი 92 000 აშშ დოლარის ღირებულების LEXUS-ის მარკის ავტომობილის საფასურის გაქვითვა და დამატებით „ტოიოტა ჰაი-ლუქსის“ ავტომანქანის ყიდვა ვითომდა სახელმწიფოსათვის გადასაცემად, რაზეც ერეკლე გურჩიანი დათანხმდა.

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც  სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ცხრა წლამდე ვადით.