პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი: „ჩვენ ვრჩებით იმ ცივილიზებული ქვეყნების გვერდით, რომელთაც მიაჩნიათ, რომ ქვეყნებს შორის საკითხები წყდება დიპლომატიური მოლაპარაკების გზით"

margvla-pool-2საქართველო, 20 მარტი, საქინფორმი. გუშინ, 19 მარტს, საქართველოს პრეზიდენტმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც ყირიმის მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია გამოხატა.

ჩვენ ვართ უკიდურესად შეშფოთებული გუშინ ყირიმთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენების გამო. გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ, რეალურად, უკრაინაში განვითარებული მოვლენები საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ რეგიონის სტაბილურობას, არამედ, ფაქტობრივად, იმ გლობალურ წესრიგს, რომლითაც კაცობრიობა მეორე მსოფლიო ომის მერე არსებობდა... ჩვენ მოვუწოდებთ მთელ საერთაშორისო თანამეგობრობას, მშვიდად, მაგრამ, ამავდროულად, პრინციპულად შეაფასოს არსებული ვითარება. ბუნებრივია, ჩვენ ვრჩებით იმ ცივილიზებული ქვეყნების გვერდით, რომელთაც მიაჩნიათ, რომ ქვეყნებს შორის საკითხები წყდება არა ტერიტორიების დაკავების ან სამხედრო ძალის მეშვეობით, არამედ დიპლომატიური მოლაპარაკების გზით", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილის თქმით, მეზობელ ქვეყნებს შორის წარმოქმნილი პრობლემები საერთაშორისო კონტექსტში, საერთაშორისო სამართლის გათვალისწინებით, მოლაპარაკებისა და დიპლომატიის გზით უნდა გადაწყდეს.

„ჩვენი პოლიტიკა რუსეთის ფედერაციასთან მიმართებით არასდროს ყოფილა განსხვავებული. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელმაც საკუთარ თავზე იწვნია რუსეთის საგარეო პოლიტიკის სუსხიანი ხელი. ჩვენ ყოველთვის ხაზგასმით ვამბობდით, რომ 2008 წელს განვითარებულ მოვლენებს რომ დათმობოდა უფრო მეტი ყურადღება ბოლო 5-6 წლის განმავლობაში, რუსეთის საგარეო პოლიტიკა უკრაინასთან  მიმართებით, შესაძლოა, არ ყოფილიყო წარმატებული. 2008 წლის ომის შემდეგ ყველა უნდა ვყოფილიყავით ორიენტირებული, რომ მეზობელი ქვეყნის მიერ სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე ჯარების შეყვანა აბსოლუტურად დაუშვებელ პრეცედენტად ყოფილიყო აღქმული“, - განაცხადა ქვეყნის პირველმა პირმა.