სამართალი
საქართველო რუსეთის ახალ კანონს კონტრქმედებებით უპასუხებს

kontr-pravo-3საქართველო, 23 აპრილი, საქინფორმი. საგარეო საქმეთა მინისტრის მიადგილე დავით ზალკალიანი განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება სწავლობს რუსეთის საკანონმდებლო ორგანოს მიერ მიღებულ ახალ კანონს, რომელიც პოსტსაბჭოთა სივრცეში მცხოვრებ რუსულენოვან მოსახლეობას რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის მიღებას უადვილებს.

"ძალიან გამარტივებული პროცედურები წესდება რუსეთის მოქალაქეობის მიღებასთან დაკავშირებით. ეს კანონი ჩვენთვის ცნობილია, ჩვენი იურისტები მას ძალიან გულდასმით სწავლობენ, გამომდინარე იქიდან, რომ გარკვეული სამართლებრივი კონტრზომებით უნდა ვუპასუოთ. გარდა ამისა, მინდა, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა, ვისაც აინტერესებს ეს საკითხი, იცოდნენ, რომ იმ შემთხვევაში, თუკი ისინი რუსეთის მოქალაქეობას მიიღებენ, ჩვენი კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეობას მყისიერად დაკარგავენ. ეს აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ", – განაცხადა ზალკალიანმა.

აღნიშნული კანონი რუსეთის სახელმწიფო დუმამ 4 აპრილს მიიღო, თუმცა პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მას ხელი 21 აპრილს მოაწერა. კანონის თანახმად, ამიერიდან უცხოელებს, რომლებიც რუსეთში ცხოვრობენ და რუსულად ლაპარაკობენ, შეუძლიათ მოქალაქეობა მიიღონ ქვეყანაში ცხოვრების ვადებზე მოთხოვნების დაუცველად. ამისათვის სრულებით საკმარისია კომისიასთან გასაუბრებისას პირმა მოახდინოს ენის ცოდნის დემონსტრირება. ამასთან, მოქალაქეობის მიღების მსურველებმა უნდა დაამტკიცონ, რომ მათი პირდაპირი აღმავალი ხაზის ნათესავები რუსეთში ან იმ ტერიტორიებზე ცხოვრობდნენ, რომლებიც რუსეთის იმპერიისა და სსრკ-ის შემადგენლობაში იყო.