აქტუალური
პროკურატურა „რუსთავი-2“-ის საქმეზე შუალედურ შედეგებს აქვეყნებს

prok-akt-1საქართველო, 12 მაისი, საქინფორმი. საქართველოს პროკურატურამ გადაწყვიტა, მოახდინოს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში პირადი საუბრის შესაძლო ჩაწერა-მიყურადების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების შუალედური შედეგების განსაჯაროება.

2014 წლის 8 მაისს მთავარ პროკურატურას მიმართა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა თეიმურაზ კოვზიაშვილმა, რომელმაც გამოძიებას მისცა ჩვენება და მიაწოდა ტელეკომპანიაში არსებული უსაფრთხოების სათვალთვალო კამერების 2012 წლის 21 დეკემბრის ჩანაწერები, სადაც ნათლად ჩანს, რომ 2012 წლის 21 დეკემბერს ტელეკომპანიაში იმყოფებოდნენ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაქვემდებარებაში არსებული სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლები, რომლებიც სპეციალური აპარატურის გამოყენებით აწარმოებდნენ ტექნიკურ სამუშაოებს, მათ შორის ნიკა გვარამიას და ნინო შუბლაძის სამუშაო ოთახებშიც, რამაც მასში ეჭვი გამოიწვია.

ამ დღის შემდეგ იგი დაინტერესდა ხსენებული პირების ვიზიტის შედეგებით, რა დროსაც ტელეკომპანიის ერთ-ერთი სამუშაო კაბინეტის ჭერში აღმოაჩინა ფარული აუდიო-ვიდეო მოწყობილობის მონტაჟის კვალი. აღნიშნულის შესახებ მან დაუყოვნებლივ აცნობა ტელეკომპანიის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას, რომელმაც უთხრა, რომ ჩვეულ რეჟიმში გაეგრძელებინა საკუთარი სამსახურებრივი საქმიანობა და ზედმეტი ინიციატივები არ გამოეჩინა.

ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების შემდეგ მან სცადა ნიკოლოზ გვარამიასთან გასაუბრება, რასაც ვერ მიაღწია და შედეგად გაათავისუფლეს თანამდებობიდან.

სისხლის სამართლის საქმეზე მოწმის სახით დაიკითხა ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, რომელმაც გამოძიებას უარი განუცხადა დაეფიქსირებინა მის მიერ განსაჯაროებული ფარული ჩანაწერების წყარო.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით პროკურატურაში გრძელდება ინტენსიური გამოძიება ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით, რომლის მიმდინარეობის შესახებ  საზოგადოება ეტაპობრივად იქნება ინფორმირებული.