პოლიტიკა
“ეს თურქეთის მტრული ქმედებებია!” - ელჩის რეაქცია აფხაზეთში 80 თურქი ჟურნალისტის ჩასვლაზე

irakli-koplatadzeსაქართველო, 13 მაისი, საქინფორმი. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ თურქი ჟურნალისტების აფხაზეთში ვიზიტი არ შემდგარიყო , - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ აფხაზეთში 80-მდე თურქი ჟურნალისტის ვიზიტის კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული წარმოადგენს “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” საქართველოს კანონის დარღვევას.

"მიუხედავად ამისა, ეს ვიზიტი მაინც განხორციელდა და ჩვენ შესაბამის ზომებს მივიღებთ. ჩვენ შევხვდებით თურქეთის ელჩს საქართველოში და გადავცემთ ჩემს დამოკიდებულებას ამ ფაქტის მიმართ. რაც არ უნდა დელეგაციები ჩადიოდნენ აფხაზეთში, ეს არ ნიშნავს არანაირად აფხაზეთის აღიარებას და არ ნიშნავს თურქეთის ოფიციალურ პოზიციას აფხაზეთის მიმართ", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

მისივე თქმით, თურქეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს და ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა თურქეთის პრეზიდენტმა ერთი კვირის წინ საქართველოში ყოფნის დროს.

თურქეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ირაკლი კოპლატაძის შეფასებით, თურქი ჟურნალისტების ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლის ფაქტი მტრული ნაბიჯია საქართველოს სახელმწიფოს მიმართ.

„თურქეთის ჟურნალისტთა ფედერაცია არაერთხელ გავაფრთხლეთ ამ ვიზიტის უარყოფოთი შდეგების შესახებ. ეს არის ცალსახად არამეგობრული და მეტიც, მტრული ნაბიჯი საქართველოს სახელმწიფოს მიმართ. დიპლომატიური პრაქტიკა მოითხოვს, რომ შესაბამისი დემარშის მიზნით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაბარებულ იქნეს თურქეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში და განემარტოს, რომ მსგავსი ნაბიჯები მიუღებელია საქართველოსთვის“, – განაცხადა ელჩმა.