პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: „საქართველო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ევროკავშირის კრიზისული სიტუაციების მართვის ოპერაციებში მონაწილეობას და ამაყობს, რომ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის მისიაში საფრანგეთის პარტნიორი იქნება!“
irakli-gar-polit-3საქართველო, 14 მაისი, საქინფორმი. მთავრობის ადმინისტრაციაში პირისპირ შეხვედრისას ირაკლი ღარიბაშვილმა და ფრანსუა ოლანდმა საქართველო-საფრანგეთის ურთიერთობის სამომავლო გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს. ხაზგასმით აღინიშნა ორი ქვეყნის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობის მნიშვნელობა.
შეხვედრის ერთ-ერთი ძირითადი თემა იყო ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერა და ნატო-საქართველოს ურთიერთობა. ირაკლი ღარიბაშვილმა ფრანსუა ოლანდს საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის, იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ გაეროს რეზოლუციის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
მხარეებმა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობისა და ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის ურთიერთობის გააქტიურების შესახებაც ისაუბრეს.

როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პირისპირ შეხვედრისას აღნიშნა, საქართველო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ევროკავშირის კრიზისული სიტუაციების მართვის ოპერაციებში მონაწილეობას და ამაყობს, რომ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის მისიაში საფრანგეთის პარტნიორი იქნება.