რელიგია
“დღეს არის ბედნიერი დღე. ჩვენ თაყვანს და პატივს ვცემთ ჩვენს მშობლებს. გვახსენდება დღეს სიტყვები ათი მცნებიდან: “პატივი ეც მამასა და დედასა შენსა, რათა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელი იყო ქვეყანასა ზედა”. ეს არის უდიდესი მადლი, უდიდესი წყალობა ღვთისა, როცა შვილი პატივს და თაყვანს სცემს თავის მშობელს, ეს იმას ნიშნავს, რომ ის შვილი ბედნიერი იქნება. დღეს კიდევ ერთხელ გვახსენებს წმინდა ეკლესია, როგორი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს ჩვენი მშობლებისადმი. ჩვენი მშობლები არის მადლით მოსილი ღვთისაგან და დალოცვა მშობელთა არის დალოცვა ღვთისა.
დღეს ჩვენ ვიხსენებთ ჩვენს მშობლებს, წარსულებს და აქა მყოფთა და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ დავიმსახუროთ კურთხევა და დალოცვა ჩვენი მშობლებისა. ეს არის გზა მშვიდობისკენ, ეს არის გზა ბედნიერებისაკენ. ჩვენ ძალიან ხშირად ვუსურვებთ ერთმანეთს ბედნიერებას. აი, აქედან უნდა დაიწყოს ადამიანმა ბედნიერებისაკენ სვლა. არის შემთხვევა, როცა მშობელი აღარ ახსოვს შვილს, შვილებს. დიდ განსაცდელში ვარდება ასეთი შვილი. დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ ვფიქრობთ ჩვენს მშობლებზე“. – ბრძანა უწმიდესმა.