პოლიტიკა
“ძალიან სამწუხარო იქნება, თუ ტელეკომპანია „მაესტრო“ ჩადგება იმ მედიასაშუალებების რიგში, რომლებიც მათ ხელთ არსებულ ტრიბუნას არაობიექტური ინფორმაციის ტირაჟირებისთვის იყენებენ” - პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ განცხადება

Dosadno-polit-2საქართველო, 21 მაისი, საქინფორმი. არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ზოგიერთი მედიასაშუალების მხრიდან იმატა კოალიცია „ქართული ოცნების“  წევრებისა და მისი ლიდერების მიმართ ყოველგვარ საფუძველს მოკლებულმა ცილისმწამებლურმა ბრალდებებმა.

ამის ცალსახა დადასტურებაა ვახო სანაიას გადაცემა „რეპორტაჟში“ გასული სიუჟეტი ნეპოტიზმის შესახებ, რომლითაც ჩვენი პარტიის და კოალიციის   წევრები დადანაშაულებულები იყვნენ ნათესავებისა და მეგობრების დასაქმებაში. სიუჟეტი იმდენად აბსურდული იყო, რომ საქართველოს პარლამენტის არჩეული წევრი ლექსო თამაზაშვილიც კი  ნეპოტიზმის შედეგად დასაქმებულად მოიხსენიეს.

აღსანიშნავია, რომ სიუჟეტი  ფაქტობრივ ცდომილებებზე იყო აგებული.  თანამდებობის პირად მოხსენიებული ზოგიერთი ადამიანი საერთოდ არ მუშაობს საჯარო სექტორში, გარკვეული ნაწილი კი, ვინც  2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ  დაუბრუნდა  საკუთარ პროფესიას.

„ქართული ოცნება“ მიიჩნევს, რომ ახალი ხელისუფლების მიერ, 13 000-მდე  ვაკანტურ თანამდებობაზე  გამოცხადებული ღია კონკურსის პარალელურად წამოწყებული მიზანმიმართული კამპანია, გარკვეული ჯგუფების პოლიტიკურ ინტერესებს ემსახურება და ტელემაყურებლის შეცდომაში შეყვანას ცდილობს.

ძალიან სამწუხარო იქნება, თუ ტელეკომპანია „მაესტრო“ ჩადგება იმ მედიასაშუალებების რიგში, რომლებიც მათ ხელთ არსებულ ტრიბუნას არაობიექტური ინფორმაციის ტირაჟირებისთვის იყენებენ.

ზემოთქმულიდან გამომდინარე,  მოვუწოდებთ ყველა მედიასაშუალებას, კონკრეტულ თემაზე მუშაობისას ამომწურავად შეისწავლონ თითოეული საკითხი და თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან.