საზოგადოება
პრემიერი ღარიბაშვილი: “ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ ბევრ მუშაობას მოველით“

1posle-saz-1საქართველო, 21 მაისი, საქინფორმი. ხშირად მეკითხებიან, რას მოველით ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ. მოკლე პასუხი ასეთია: ბევრ მუშაობას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბელგიაში, ჰარვარდის კლუბში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

“ხელშეკრულების ხელმოწერა მნიშვნელოვანი ეტაპია საქართველოსათვის. მიუხედავად ამისა, ჩვენი საბოლოო მიზანია ევროკავშირში გაწევრიანება. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ეს იქნება ხანგრძლივი და რთული პროცესი. მიუხედავად ამისა, ჩვენ ძალას გვმატებს ამ მიზნის მიღწევაში მხარდაჭერის გამოხატვის უამრავი მაგალითი: აპრილში ევროპარლამენტმა განაცხადა, რომ საქართველო არის ევროპული სახელმწიფო, აქვს ევროპული პერსპექტივა და შეუძლია კავშირში გაწევრიანების სურვილის გაცხადება. გასულ კვირას საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა განაცხადა, რომ მხარს უჭერს საქართველოს "მისწრაფებებს ევროპულ ოჯახში გაწევრიანებასთან დაკავშირებით", ხოლო პრეზიდენტმა ვან რომპეიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ასოცირების ხელშეკრულება არ არის ჩვენი თანამშრომლობის საბოლოო მიზანი. ვიშეგრადის ჯგუფმა ასევე განაცხადა ახლახან, რომ სამეზობლოს ქვეყნებისათვის ევროინტეგრაციის პერსპექტივის მიწოდება კვლავაც წარმოადგენს სიღრმისეული რეფორმების წახალისების საუკეთესო ფორმას", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.