პოლიტიკა
კახა კუკავა: „ჩვენი გუნდი „ქართული ოცნების“ სკლეროზს უმკურნალებს და ყველა დაპირებას შეასრულებინებს!“ - საარჩევნო ბლოკ „არასაპარლამენტო ოპოზიციის“ თბილისის მერობის კანდიდატის ინტერვიუ „საქინფორმს“

1-kuka-pol-1-an-1-mtსაქართველო, 28 მაისი, საქინფორმი. 2014 წლის 15 ივნისს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები გაიმართება. იმისათვის, რომ თბილისელი ამომრჩევლები დედაქალაქის მერობის კანდიდატების საარჩევნო პროგრამებს და მათ პრიორიტეტებს გაეცნონ, საქინფორმ მათთან ექსკლუზიურ ინტერვიუებს გამოაქვეყნებს.

დღეს საქინფორმის სტუმარია საარჩევნო ბლოკ „არასაპარლამენტო ოპოზიციის“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კუკავა, რომლის საარჩევნო ნომერია 1, ხოლო ლოზუნგი - „აირჩიე ცვლილებები“.

- ბატონო კახა, თქვენი საარჩევნო ლოზუნგია „აირჩიე ცვლილებები“. რა იგულისხმება ამ ლოზუნგის მიღმა და რა ცვლილებებს სთავაზობთ ამომრჩეველს?

- იგულისხმება ის, რომ ქვეყანას სჭირდება რეალური ცვლილებები. დამოუკიდებელ საქართველოში ბოლო 22 წლის მანძილზე ორჯერ შეიცვალა მთავრობა და მმართველი პარტია, მაგრამ რეალურად ვხედავთ, რომ სხვადასხვა სფეროში არსებული ის მანკიერებები, რაც არ მოგვწონს, უცვლელი რჩება. 22 წელია ქვეყანას რეალურად ერთი და იგივე მმართველი კასტა ჰყავს - ეს არის „მოქალაქეთა კავშირის“ გუნდი, რომელიც 1992 წელს მოვიდა პოლიტიკაში და ზოგმა „ნაციონალები“ დაირქვ, ზოგმა კიდევ „ოცნება“ . დღეს ეს ხალხი ისეა დაშლილი სხვადასხვა პოლიტიკურ გუნდში, როგორც ელიავას ბაზრობაზე ერთი მანქანის ნაწილებია დაშლილი გასაყიდად - ერთი რომელიღაც კოალიციიდან გარიცხული ყოფილი მინისტრი თუ პარლამენტის თავმჯდომარე მეორე გუნდს აფარებს თავს და ცდილობს ხელისუფლებაში დაბრუნებას და ა .შ.  იმისათვის, რომ ჩვენს ქვეყანაში რეალური ცვლილებები განხორციელდეს და რიგითმა მოქალაქეებმა ეს საკუთარ თავზე იგრძნონ, საჭიროა ის ნამდვილი ოპოზიციური ძალა მოვიდეს ხელისუფლებაში, რომელიც არასოდეს ყოფილა ამ დიდი ფარსის მონაწილე. სწორედ ასეთ ძალას წარმოადგენს დღეს საარჩევნო ბლოკი „არასაპარლამენტო ოპოზიცია“.

- რა საკითხები იქნება თქვენთვის ყველაზე პრიორიტეტული თბილისის მერის არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში?

- პროგრამაში რამდენიმე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი გვაქვს: - ადგილობრივ დონეზე ეს იქნება ქალაქის ახალი გენერალური გეგმის შემუშავება, რომელიც თბილისში კომფორტულ გადაადგილებას უზრუნველყოფს. გარდა ამისა, განსაკუთრებულ ყურადღებას მივმართავთ ქალაქის ეკოლოგიური გარემოს გაუმჯობესებისათვის.

მეორე მიმართულება შეეხება თბილისის ბიუჯეტის მიზნობრივ ხარჯვას, რომელიც დღეს თავიდან ბოლომდე კორუფციულია. ხოლო მესამე ბლოკი ჩვენს პროგრამაში დათმობილი აქვს დასაქმებას, რათა მეწარმეებს მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი, რომ მათ შეძლონ მეტი ადამიანის დასაქმება და თბილისელებს უმუშევრობის მძიმე ტვირთი მოვხსნათ. ეს იქნება ჩვენი მთავარი მიმართულებები ადგილობრივ ხელისუფლებაში.

გარდა ამისა, მე ვფიქრობ, თუ თბილისელები მხარს დაგვიჭერენ, ძალიან გაიზრდება „არასაპარლამენტო ოპოზიციის“ გავლენა ცენტრალურ ხელისუფლებაზე.

უნდა გვახსოვდეს, რომ წინა ხელისუფლების დროს მთელი რიგი  სოციალური ინიციატივები სააკაშვილმა დაიწყო 7 ნოემბრის შემდეგ - როცა ოპოზიცია გაძლიერდა მაშინ გაახსენდა დევნილები, მაშინ გაახსენდა ლეგალიზაცია, მაშინ გაახსენდა ჯარიმების ჩამოწერა, პატიმრების ამნისტია და ასე შემდეგ.

1-kuka-pol-1-txt

დღესაც, იცით, რომ „ქართულ ოცნებას“  თავისი მთელი რიგი დაპირებებიდაავიწყდა. „არასაპარლამენტო ოპოზიცია“ არის სკლეროზის ძალიან კარგი წამალი. გარწმუნებთ, რომ საკმარისია ჩვენმა გუნდმა მოიგოს ადგილობრივი არჩევნები, „ქართული ოცნება“ მაშინვე აღმოაჩენს, რომ თურმე სამართლიანობის აღდგენაც შესაძლებელი ყოფილა, კანონიერი მესაკუთრეებისთვის ქონების დაბრუნებასაც იჩქარებენ, ბენზინშიც აღმოაჩენენ იმ 45-თეთრიან მარჟას, რომელსაც ვერაფრით პოულობენ.

ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში არსებობდეს ჯანსაღი ოპოზიცია - ეს ხელისუფლებისთვისაც ძალიან კარგ გამომაფხიზლებელ ეფექტს იქონიებს.

- რა არის მთავარი განმასხვავებელი ნიშანი, რაც თქვენს კოალიციას  დანარჩენი პოლიტიკური ძალებისგან გამოარჩევს?

- ჩვენი კოალიცია არის ერთადერთი ოპოზიციური ძალა, რომელიც სააკაშვილის და დღევანდელი ხელისუფლების ოპოზიციაში იყო ყოველთვის. ყველა სხვა ოპოზიციური ძალის წარმომადგენლები კარიერისტები არიან, რომლებმაც რაღაც ეტაპზე, უბრალოდ, დისკომფორტი იგრძნეს სააკაშვილთან - ზოგი მოხსნეს, ზოგს ქონება წაართვეს და ამის გამო გადავიდნენ ოპოზიციაში.  პრინციპები აქვს მხოლოდ ჩვენს გუნდს - „არასაპარლამენტო ოპოზიციას“.  ეს კარგად ჩანს ძალიან ბევრ საკითხში - გაიხსენეთ გირგვლიანის მკვლელობიდან მოყოლებული, 27 ნოემბერი, 9 აპრილი, მთელი ეს პერიპეტიები- ჩვენ ყოველთვის ხალხთან ვიყავით და საზოგადოებრივი მოთხოვნების მიხედვით ვმოქმედებდით. „არასაპარლამენტო ოპოზიცია“ არის ძალა, რომელიც ფილოსოფიურად, სისტემურად, იდეოლოგიურად განსხვავდება როგორც წინა, ისე დღევანდელი ხელისუფლების ხედვებისგან. 

თბილისის მერობის ყველა კანდიდატი დაახლოებით ჩემი თანატოლია და წლებია ერთ ქალაქში ვცხოვრობთ, მაგრამ, ჩემდა სამწუხაროდ, არცერთი მათგანი არ მახსოვს გამოსული ქუჩაში არც გირგვლიანის აქციებზე, არც 7 ნოემბერს, არც 9 აპრილს, არც 26 მაისს და ა.შ. ფაქტია, რომ ისინი არიან თავიანთი პოლიტიკური ლიდერების ხელში ერთგვარი ფასადი და რეალურად მათ პოლიტიკურ ინსტრუმენტად იყენებენ.

- ბატონო კახა, როგორ ფიქრობთ, რატომ ვერ მოხერხდა ადგილობრივი არჩევნებისთვის  ოპოზიციური პარტიების დიდი გაერთიანების შექმნა?

- დღეს საქართველოში არ არსებობს ფინანსურად თუ რესურსების თვალსაზრისით ისეთი ძლიერი ოპოზიციური პარტია, რომელიც მარტო დაამარცხებს „ქართულ ოცნებას“. ამიტომაც ჩვენი გუნდი რამდენჯერმე გამოვიდა ინიციატივით, რომ ყოველგვარი წინაპირობების გარეშე ყველა ოპოზიციური ძალა გაერთიანებულიყო.  „თავისუფალმა საქართველომ“ და „ახალმა მემარჯვენეებმა“ შევქმენით სააარჩევნო ბლოკი, ხოლო ის, ვინც ამ ნაბიჯზე უარი თქვა,  გასაგებია, რომ იბრძვის არა არჩევნების მოგებისთვის, არამედ კუდი კუდზე აქვთ გადაფსკვნილი „ქართულ ოცნებასთან“, ზოგს 3%, ზოგს 4% და ზოგს 3,5 % აქვს შეპირებული და იმასაც ან აიღებენ, ან არა.

- ერთ-ერთ ინტერვიუში თქვენ აღნიშნეთ, რომ სხვა ოპოზიციონერი კანდიდატები გამარჯვებისთვის არ იბრძვიან და ისინი წინასწარ არიან შეგუებული სახელისუფლებო კანდიდატის წარმატებას. რა იგულისხმეთ ამ განცხადებაში?

- დიახ, ასეა. როდესაც 2013 წლის შუალედურ არჩევნებზე უამრავ დარღვევას ჰქონდა ადგილი, ჩვენმა იურისტებმა ძალიან ბევრი საჩივარი მოამზადეს, შეიტანეს, ბრიფინგები ჩავატარეთ და გავაპროტესტეთ უკანონობა, ხოლო საპრეზიდეტო არჩევნებზე, როდესაც ოცნებას 50 %-იანი ბარიერი გადაალახინეს, სხვა პარტიების კანდიდატების მხრიდან არც ერთი საჩივარი არ მომზადებულა, პირიქით, წაგების შემდეგ ისეთი ბედნიერი სახეები ჰქონდათ ბაქრაძეს და ბურჯანაძეს, რომ აშკარად ეტყობოდათ, ამით მათი ამოცანა შესრულებული იყო. ბაქრაძემ წინასწარ იცოდა, რომ უნდა აეღო მეორე ადგილი და მთავარი ოპოზიციური ძალის სტატუსი შეენარჩუნებინა, ხოლო ბურჯანაძემ, მას შემდეგ, რაც საბანკო ანგარიშზე ერთი მილიონი ლარი ჩაერიცხა, განაცხადა, რომ ის არანაირ ხმების დათვლას და ქუჩის აქციებს არ გეგმავდა და წარმატება უსურვა ახალ პრეზიდენტს.

- როგორ აფასებთ თქვენს შანსებს თბილისის მერის არჩევნებზე და ზოგადად თქვენი ბლოკის შანსებს მთელ საქართველოში?

- საარჩევნო კამპანია არის ცოცხალი და დინამიკური პროცესი და წინასწარ პროცენტების დასახელებას აზრი არ აქვს. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ამომრჩევლების ნდობა მივიღოთ. მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ყველა არჩევნებში ვიღებთ იმაზე მეტ ხმას, ვიდრე სოციოლოგები გვიწერენ ხოლმე.  2013 წლის შუალედურ არჩევნებზე ნაძალადევის ოლქში, სადაც მაჟორიტარ კანდიდატად ვიყარე კენჭი, მახსოვს, რომ ყველა ქართულმა გაზეთმა დაბეჭდა რეიტინგები - მე ვიყავი სადღაც ბოლო ადგილზე, რეალურად კი ნახეთ, რა შედეგიც დადგა - „ქართულ ოცნებას“ არ მივეცი 50%-იანი ბარიერის გადალახვის საშუალება, 17%-ით გავედი მეორე ადგილზე და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გადაინაცვლა მესამეზე. მიუხედავად ამ შედეგისა, არცერთ გამოცემას თავი არ შეუწუხებია, აეხსნა საზოგადოებისთვის, თუ რატომ იყო ასეთი დიდი ცდომილება რეიტინგებში. ჩვენთვის კი, რა თქმა უნდა, ნათელია - ყველა გაზეთს 200-200 დოლარი ერთი კონკრეტული ანგარიშიდან ჩაერიცხა და მეორე დღესვე ე.წ. რეიტინგები გამოქვეყნდა.  ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანია, რა შედეგები დადგება არჩევნების შემდეგ და წინასწარი სოციოლოგიით მანიპულირებას არ ვაპირებ.

1-kuka-pol-1-qvem