პუბლიკაციები
“გადატრიალებას აფხაზეთში იგივე მეთოჯინეები ჰყავს, რაც კიევში” (გინდათ აფხაზეთის მოვლენებზე სიმართლე იცოდეთ? წაიკითხეთ ეს ინტერვიუ!)

1-polit-1-anal-1-GEOსაქართველო, 2 ივნისი, საქინფორმი. მორიგი მაიდანი (ან “ბოლოტნაია”, ვისაც როგორ მოსწონს) მოხდა რუსეთის საზღვრისპირა ზონაში. ამჯერად - საკმაოდ მშვიდობიან საკურორტო აფხაზეთში. მაცხოვრებლებმა სოხუმში სახალხო შეკრებაზე მოიყარეს თავი, რათა უკმაყოფილება გამოეხატათ “კორუფციის მაღალი დონით”, “ოპოზიციის მოსმენის სურვილის არქონით”, “სახელმწიფოს პრობლემებით, რომლებიც არ გვარდება”. გარდა ამისა, მათი აზრით, ვინც მიტინგზე გამოვიდა, ქვეყნის პრეზიდენტი ალექსანდრე ანქვაბი მეტისმეტად სუსტად ატარებს რუსეთთან ინტეგრაციის კურსს. მრავალათასიანი მიტინგის შედეგად, აგზნებული ბრბო ლიდერთა მოწოდებებს გამოეხმაურა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობა დაიკავა. ქვეყნის მეთაურმა შენობა დატოვა და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შესახებ განაცხადა. რეგიონის სპეციფიკის და პრორუსული ლოზუნგების მიუხედავად, ამ აქციის უკან შესაძლოა თურქეთისა და აშშ-ის სპეცსამსახურები იდგნენ, რომლებიც რუსეთის საზღვრებზე ქაოსის კონცეფციის განვითარებას განაგრძობენ.

თურქეთისა და აშშ-ის როლის შესახებ, მაიდნის სამხრეთ ოსეთშიც  გამეორებაზე და იმის შესახებ, შესაძლებელია თუ არა კონფლიქტის უსისხლოდ მოგვარება, Накануне.RU-ს ესაუბრა პოლიტოლოგი, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ალექსანდრე ჭაჭია.

შეკითხვა: სოხუმში სახალხო შეკრება პრეზიდენტის ადმინისტრაციის აღებაში გადაიზარდა. რა ხდება - მორიგი კიევის ტიპის მაიდანი თუ ეს თავისი მიზეზებითა და შედეგებით სხვა რიგის მოვლენებია?

ალექსანდრე ჭაჭია: ჩემი აზრით, ძალიან სერიოზული მსგავსებაა, ძალიან ბევრია საერთო, და ზოგიერთი ისეთი წყალქვეშა დინება, რომლებიც აფხაზეთში არსებობს, რომელთა შესახებ მეტ-ნაკლებად ინფორმირებული ვარ, მოწმობს, რომ ყველაფერი საერთო დინების კალაპოტში კეთდება. ყურადღება მიაქციეთ, ძირითადი მოთხოვნები, რომლებსაც იქ პროტესტანტები აყენებენ, კორუფციას, რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის გაღრმავებას და გალის რაიონის მცხოვრებთა, მათი აზრით, უკანონო პასპორტიზაციის შეწყვეტას ეხება.

რაც შეეხება კორუფციას, ძნელი განსასჯელია. კორუფციის ფაქტები, უდავოდ, არსებობს, როგორც ყველგან პოსტსაბჭოთა სივრცეში. სამწუხაროდ, ის წყობა, რომელიც პოსტსაბჭოთა სივრცეში ყველგან ცდილობს დამკვიდრებას, ჩვენს პირობებში სწორედ კორუფციის გაძლიერებას გულისხმობს. ამიტომ ამაში ახალი არაფერია.

ხოლო რაც შეეხება რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის გაღრმავებას, ჩემი აზრით, ანქვაბი ამისათვის მაქსიმალურად ყველაფერს აკეთებდა. ვერ ვიტყვი, რომ ვინმე მის ადგილზე მეტის გაკეთებას შეძლებდა.

რაც შეეხება გალის რაიონის მცხოვრებთა პასპორტიზაციას, დამეთანხმეთ, რომ საკუთარი მოსახლეობისთვის პასპორტების გაცემაზე უარის თქმა - ეს რაღაც კვაზიბალტიისპირეთული ვარიანტია, ანდა კვაზისამხრეთაფრიკული, აპარტეიდის პერიოდში. როგორ შეიძლება ამისი აღქმა და როგორ შეუძლია სახელმწიფოს ოფიციალურ ხელმძღვანელს განაცხადოს, რომ არავითარ შემთხვევაში არ დაურიგებს პასპორტებს თავისი ქვეყნის მცხოვრებთ, თანაც, მკვიდრ მოსახლეობას?

შეკითხვა: ანუ ეს ლოზუნგები საკმაოდ დეკლარაციულია და კონფლიქტის ჭეშმარიტ მიზეზებზე არაფერს ამბობს?

ალექსანდრე ჭაჭია: ჩემი აზრით, ეს ლოზუნგები ხელოვნურია, ხოლო ლოზუნგი რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის განმტკიცების შესახებ  ჭეშმარიტი მიზეზების დასაფარავად განკუთვნილს ჰგავს. ვფიქრობ, რუსეთის ნამდვილი მეგობრები, რომლებსაც მასთან დაახლოება, მეგობრული და ძმური ურთიერთობა სურთ, როგორც ამას აცხადებენ, ახლა, მოცემულ ისტორიულ მომენტში, არ წამოიწყებდნენ ასეთ არეულობას რუსეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, და ტერიტორიაზე, რომელიც რუსეთის განსაკუთრებული მფარველობით სარგებლობს. უკრაინის სიტუაციის გათვალისწინებით, ვფიქრობ, ნებისმიერი საღად მოაზროვნე პოლიტიკოსი, პოლიტიკოსი, რომელიც, უბრალოდ, სიმპათიით არის განწყობილი რუსეთის მიმართ, თავს შეიკავებდა მკვეთრი მოძრაობებისგან, იმიტომ რომ რუსეთს ახლა ამისთვის არ სცხელა. გაცილებით უფრო სერიოზული გამოწვევები არსებობს, რომლებსაც რუსეთი უნდა გაუმკლავდეს. რუსეთის მტერს შეეძლო მსგავსი გამოსვლების ინსპირირება სხვა ტერიტორიებზე, უკრაინის გარდა, რათა რუსეთისთვის კიდევ ერთხელ ეჩხვლიტა და სხვაგვარი ხასიათის მოქმედებებზე მისი პროვოცირება მოეხდინა.

შეკითხვა: ყბადაღებული “სახელმწიფო დეპარტამენტის ხელი?”

ალექსანდრე ჭაჭია: ვფიქრობ, რომ ჩვენი ამერიკელი კოლეგები თავიანთი თურქი მეგობრებისა და პარტნიორების მეშვეობით, გარკვეულ აფხაზურ წრეებზე მათი გავლენის გამოყენებით, აფხაზეთში ვითარების დესტაბილიზაციას ცდილობენ, რათა რუსეთს კიდევ ერთი თავის ტკივილი “აჩუქონ”. ჩემი წარმოდგენით, მიმდინარე მოვლენების რეალური მექანიზმები ასეთია - ისინი საკმარისად მარტივი და გასაგებია.

შეკითხვა:  თუ გადატრიალება გარედან არის ინსპირირებული, უნდა მოველოდეთ თუ არა ამგვარი მოვლენების სამხრეთ ოსეთში გამეორებასაც?

ალექსანდრე ჭაჭია: სამხრეთ ოსეთშიც მწიფდება სხვადასხვა მოვლენები, რომლებიც პარლამენტის არჩევნებს უკავშირდება. ალბათ, ეს არჩევნები ექსცესების გარეშე არ ჩაივლის. მაგრამ იქ სიტუაცია ცოტა სხვაგვარია. სამხრეთ ოსეთს არა აქვს ისეთი კავშირი გარე სამყაროსთან, როგორც აფხაზეთს. სამხრეთ ოსეთში არ არის უცხო სახელმწიფოების ისეთი გავლენა (რუსეთის გარდა), როგორიცაა აფხაზეთში. მხედველობაში მაქვს საკმაოდ მჭიდრო კავშირი გარკვეულ - პოლიტიკურ, ფინანსურ აფხაზურ ჯგუფებს და თურქეთს შორის. არ უნდა დავივიწყოთ, რომ თურქეთში დიდი აფხაზური და, საერთოდ, ჩრდილოკავკასიური დიასპორა ცხოვრობს. აფხაზეთი ყოველთვის ტკბილი ლუკმა და ნანატრი ტერიტორია იყო თურქეთის იმპერიული სიდიადის აღდგენის მომხრეებისთვის. აფხაზეთის მეშვეობით, აქ თავისი გავლენის დამყარებით, თურქეთი პირდაპირ კონტაქტზე გადის ჩრდილოკავკასიურ რესპუბლიკებთან, ხოლო ჩრდილოკავკასიურ რესპუბლიკებს აფხაზეთისა და ზღვაზე გასასვლელის დახმარებით შესაძლებლობა აქვთ, უშუალო კონტაქტი იქონიონ ერთმორწმუნე თურქეთთან.

მრავალი წლის განმავლობაში თურქეთის ერთ-ერთი უმსხვილესი გეოპოლიტიკური გეგმა ტყუილად როდი იყო ერთიანი სახელმწიფო წარმონაქმნის შექმნა ჩრდილოეთ კავკასიის ტერიტორიაზე, აფხაზეთის ჩათვლით, იმისათვის, რომ ამ წარმონაქმნს ზღვაზე გასასვლელი ჰქონოდა, და რუსეთის ფედერაციის შემადგენლობიდან შემდგომი გამოყოფით. ეს გეგმა ცნობილია, ეგრეთ წოდებული “თურქეთის გენშტაბის გეგმა”, რომლის განხორციელებისთვის კავკასიაში ძალიან ბევრი მოვლენა ხდებოდა. ერთი შეხედვით, ეს მოვლენები გაუგებარი იყო, მაგრამ თუ ამ გეგმას იცნობ, გასაგები ხდება ბევრი რამ, რაც კავკასიის რეგიონში ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროიდან ხდებოდა. მიმაჩნია, რომ ეს რუსეთის წინააღმდეგ მიმართული პროვოკაციაა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რუსეთის მეგობრები, ადამიანები, რომლებსაც რუსეთთან ურთიერთობის გაღრმავება სურთ, უნდათ, რომ კავშირი მტკიცე იყოს, არ წავლენ ისეთ ქმედებებზე, რომლებიც, ფაქტობრივად, რუსეთისთვის ზურგში დანის ჩარტყმას უდრის.

შეკითხვა: შარშან ვლადისლავ სურკოვი აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრეზიდენტის თანაშემწის პოსტზე დაინიშნა. ზოგიერთ წყაროში აღნიშნული იყო, რომ ის უკრაინაზეც აგებს პასუხს. შეგვიძლია თუ არა დავასკვნათ, რომ მისი მუშაობა ბევრ რამეში ჩავარდა და შედეგი არ მოიტანა?

ალექსანდრე ჭაჭია: ჩემთვის რთულია განსჯა, რა სამუშაოს ატარებდნენ რეგიონში სურკოვი და მისი გუნდი. ვიცი, რომ ის ხვდებოდა, ურთიერთობდა ოპოზიციასთან. ამ შეხვედრების შინაარსი ჩემთვის, ბუნებრივია, უცნობია, მაგრამ აფხაზურ ოპოზიციასთან მუშაობამ, ვისაც უნდა ჩაეტარებინა ის - სურკოვს თუ ვინმე სხვას, შედეგი არ მოიტანა, თუ გუშინდელი მოვლენებიდან გამოვალთ. შესაძლოა, ამისთვის ჩავარდნის დარქმევა არ შეგვიძლია, რადგან მთელი ინფორმაცია არ ვიცით - როგორ ტარდებოდა მუშაობა, ვისთან, მაგრამ ის, რაც მოხდა - უდავოდ, რეგიონში თურქული და ამერიკული სპეცსამსახურების გამარჯვება გახლავთ.

შეკითხვა: ასეთ სიტუაციაში როგორ უნდა მოიქცნენ აფხაზეთის ხელისუფლება და რუსეთი?

ალექსანდრე ჭაჭია: დარწმუნებული ვარ, რომ ეს გამარჯვება დროებითია. დარწმუნებული ვარ, რომ აფხაზი ხალხის მნიშვნელოვანი ნაწილი ამ ანკესზე არ წამოეგება, თუკი მათ აუხსნიან, რა ხდება, ვინ დგას ამის უკან და რა შეიძლება ამან გამოიწვიოს. ასეთი გასაგები განმარტება დღეს არავისგან მომისმენია. თუ მოსახლეობას, ფართო საზოგადოებრიობას აუხსნიან, რა ძალები დგას სახელმწიფო გადატრიალების ამ მცდელობის უკან, რას ნიშნავს ეს დღევანდელი მსოფლიო მოვლენების კონტექსტში, რა შედეგების მოტანა შეუძლია ამას არა მარტო აფხაზეთის, არამედ რუსეთისთვის, სიტუაციისთვის მთელ რეგიონში, თუ მათ აუხსნიან, როგორ შეიცვლება რუსეთის ხელისუფლების დამოკიდებულება აფხაზეთის, აფხაზი საზოგადოების მიმართ, აფხაზეთის საზოგადოება თავის ქვეყანაში ასეთ მასშტაბურ დესტაბილიზაციას არ დაუშვებს. ეს მნიშვნელოვანია ისეთ მძიმე ვითარებაში, როგორიც უდგას ახლა რუსეთს, უკრაინას, რუსეთ-უკრაინის ურთიერთობას და რუსეთის ურთიერთობას დასავლეთთან. აი, თუ ამ ყველაფერს ნორმალურად, მკაფიოდ და გასაგებად აუხსნიან, მაშინ, ისტორიული პარალელების დახმარებით, რომელთა გავლება აფხაზებს შეუძლიათ, ვფიქრობ, საზოგადოება გაიგებს, და ოპოზიციონერებს მასობრივი მხარდაჭერა არ ექნებათ.

შეკითხვა: მიუხედავად ამისა, გუშინ ოპოზიციას მხარი დაუჭირეს, ესე იგი, “სახალხო მრისხანებისთვის” წინაპირობები არსებობს?

ალექსანდრე ჭაჭია: რა თქმა უნდა, აფხაზეთის დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკით ამგვარი უკმაყოფილების გამოხატვის ობიექტური წინაპირობები არსებობს, ისინი ყველგან არის. სხვა საქმეა, რომ ძალიან ბევრი უკრაინელი, რომლებიც მაიდანზე მივიდნენ, იმ საშინელ კორუფციასთან საბრძოლველად გამოვიდნენ, რომელიც უკრაინაში იყო და არის გამეფებული. მაგრამ საბოლოოდ რა მიიღეს - კიდევ უფრო უარესი კორუფციონერები. ეროვნული ლოზუნგებით გამოდიოდნენ - ხელისუფლებაში ყველა ეთნიკური არაუკრაინელი მიიღეს უზარმაზარი კაპიტალებით, რომლებიც ამერიკულ ბანკებში ინახება, და უკრაინის ეკონომიკის ბოლომდე დასამარების მზადყოფნით. აი, ეს უნდა აუხსნან ადამიანებს, ვინ არის მეთოჯინე ამ სიტუაციაში, და ამას ფართო მხარდაჭერა არ ექნება. ანქვაბის მოღვაწეობას ძალიან ბევრი უარყოფითი მხარე აქვს, პირველ რიგში, საკადრო პოლიტიკა, მაგრამ ეს რეგიონის სპეციფიკაა. ესეც გასათვალისწინებელია. დარწმუნებული ვარ, ვინც უნდა მოვიდეს ანქვაბის ადგილზე, საკადრო პოლიტიკა აფხაზების ორ მესამედს მაინც არაფრით მოაწყობს.

შეკითხვა: შეგვიძლია იმედი გვქონდეს, რომ მოვლენები აქ მშვიდობიანად, სისხლისა და მსხვერპლის გარეშე ჩაივლის?

ალექსანდრე ჭაჭია: ამისი დიდი იმედი მაქვს, იმიტომ რომ სისხლისღვრა არ შეიძლება ამწუთიერი იყოს, ეს ხანგრძლივი დროის განმავლობაში მუდმივად მოქმედი პროცესი იქნება. ანქვაბს ეს მშვენივრად ესმის, ამიტომაც მიიღო გადაწყვეტილება ადმინისტრაციის შენობის დატოვების შესახებ - სწორედ იმისთვის, რომ მისი პირადი დაცვის დემონსტრანტებთან შეჯახება არ მომხდარიყო და მსხვერპლი არ ყოფილიყო. ეს სიტუაციის განვითარების ყველაზე არასასურველი სცენარია - თუკი რამდენიმე ადამიანის სისხლი დაიღვრება. ვფიქრობ, მხარეს, რომელიც სიტუაციის, მისი გამწვავების პროვოცირებას ახდენს, ამისი იმედი აქვს, და ხელისუფლება ამაზე არავითარ შემთხვევაში არ უნდა წამოეგოს. იმ მომენტიდან შესაძლოა შეუქცევადი პროცესები დაიწყოს.

 

შეკითხვებს სვამდა სერგეი ტაბარინცევ-რომანოვი
2014 წლის 28 მაისი