პოლიტიკა
პრემიერი ღარიბაშვილი: „რუსეთის ხელისუფლება არ აპირებს ჩაერიოს საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის პროცესში“

politika-1-Irakliსაქართველო, 5 ივნისი, საქინფორმი. გუშინ, 2014 წლის 4 ივნისს, გაიმართა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის პრესკონფერენცია „ექსპო-ჯორჯიაში“, რომელმაც სამ საათზე მეტხანს გასტანა.

“ბლუმბერგის” ჟურნალისტის კითხვაზე, თუ კონკრეტულად რა გაუმჯობესდა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში და ხომ არ დადგა  საქართველოსა და რუსეთის ხელისუფლების პირველი პირების პირისპირ შეხვედრის დრო, პრემიერმა უპასუხა:

„ჩვენი კონსტრუქციული პოლიტიკის შედეგია ის, რომ მოხდა რეალურად დეესკალაცია იმ დაძაბულობის, რომელიც წლების განმავლობაში იყო. მინიმუმამდე დავწიეთ ის ტემპერატურა და დაძაბულობა, რომელიც ორ ქვეყანას შორის არსებოდა. რეალურად დაიწყო ხალხთა შორის ნდობის აღდგენის პროცესი, გავაუმჯობესეთ კულტურული ურთიერთოები და აღვადგინეთ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობა. ამ ყველაფერს მოჰყვა რეალური შედეგები, მოიხსნა ემბარგო ღვინოზე, მინერალურ წყალზე, სხვადასხვა პროდუქტზე. ეს რეალური შედეგი და სარგებლის მომტანია თითოეული მოქალაქისთვის და ქვეყნისთვის. აი, ეს არის ჩამონათვალი, რა გაუმჯობესდა რუსეთთან ურთიერთობაში", - განაცხადა პრემიერმა და დასძინა, რომ „რეალური შედეგია რუსეთის ხელისუფლების განცხადება, რომ არ აპირებს, ჩაერიოს საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის პროცესში“ და რომ „მათგანაც ვხედავთ კონსტრუქციულ პოზიტიურ ნაბიჯებს“.

რაც შეეხება, რუსეთის პირველ პირებთან შეხვედრას, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, "ამას სჭირდება კარგი, სერიოზული მომზადება. ჩვენ, ზოგადად, გვაქვს მზაობა, რომ შედგეს პირდაპირი დიალოგი, მაგრამ როდის, რა ფორმატით, სად, როგორ, ამას დრო გვიჩვენებს“.