საზოგადოება
პრემიერი ღარიბაშვილი: “აფხაზეთში ჩვეულებრივი საკადრო ცვლილებები ხდება...”

Irakli-saz-preskonfსაქართველო, 5 ივნისი, საქინფორმი. გუშინ, 2014 წლის 4 ივნისს, „ექსპო-ჯორჯიაში“ გაიმართა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის პრესკონფერენცია, რომელმაც სამ საათზე მეტხანს გასტანა.

როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, აფხაზეთში მიმდინარე მოვლენები  ჩვეულებრივი საკადრო გადაადგილებაა.

"რაც შეეხება აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებს, ჩვენ, რა თქმა უნდა, ყურადღებით ვაკვირდებით იქ განვითარებულ მოვლენებს, მე მიმაჩნია, რომ ამ ეტაპზე არ არის საჭირო, გარკვეული აჟიოტაჟი ავტეხოთ და დავძაბოთ საზოგადოება.

ჩემი შეფასებით, ეს არის ჩვეულებრივი საკადრო გადაადგილება. გასაგებია, რომ ამაზე გარკვეული რეგულაციები წავიდა, რომ შეიძლება იქ გალის მოსახლეობას რაღაც პრობლემები შეექმნას, მაგრამ ამ ეტაპზე სიტუაციას ვაკვირდებით და მოგვიანებით გახდება შესაძლებელი უფრო რეალური ანალიზის და კომენატარების გაკეთება.

ის, რაც ხდება აფხაზეთში, მე მგონი, ძალიან ღიად არის დეკლარირებული და ძალიან კარგად ვიცით, რა პროცესები მიმდინარეობს. მაგრამ ჩვენ რეალურად დავიწყეთ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან შერიგების პოლიტიკა. თქვენ იცით, რომ აბსოლუტურად შევცვალეთ ის რიტორიკა, რომელიც წინა ხელისუფლებას ჰქონდა აფხაზებთან და ოსებთან”, - განაცხადა პრემიერმა და დასძინა, რომ აფხაზეთში მიმდინარე პროცესებს ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის პროცესს არ უკავშირებს.