პოლიტიკა
საქართველოსა და აშშ-ს შორის დადებული ხელშეკრულება ითვალისწინებს საქართველოს რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის მომავალი მდგრადობის უზრუნველსაყოფად, პასუხისმგებლობის ქართული მხარისთვის გადმოცემას

polit-3-dogovoriსაქართველო, 6 ივნისი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული მეცნიერებისა და შედეგების მართვის მსოფლიო კონგრესზე სიტყვით გამოსვლისას მადლობა გადაუხადა კონგრესის დამფუძნებლებსა და საერთაშორისო საორგანიზაციო კომიტეტს მნიშვნელოვანი ფორუმის ინიცირებისათვის და კმაყოფილება გამოთქვა, რომ 2014 წელს საქართველოს მიეცა საერთაშორისო კონგრესის მასპინძლობის შესაძლებლობა.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, თანამედროვე მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები საკმაოდ რთულია, ამიტომ მჭიდრო თანამშრომლობაზეა დამოკიდებული რეაგირების ლეგიტიმურობა და ეფექტიანობა. მანვე კონგრესის მონაწილეებს აღნიშნული მიმართულებით საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები გააცნო.

ჩვენ გავაორმაგეთ ძალისხმევა ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად არა მარტო საქართველოში, აგრეთვე მთლიანად ჩვენს რეგიონში და მის საზღვრებს გარეთაც. ჩვენ დავხვეწეთ კანონმდებლობა, განვავითარეთ უსაფრთხოების ინფრასტრუქტურა და უფრო აქტიურად ჩავერთეთ საერთაშორისო თანამშრომლობაში... ჩვენმა მთავრობამ შეიმუშავა და დაამტკიცა ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხეების შემცირების ეროვნული სტრატეგია. ამჟამად მიმდინარეობს მისი სამოქმედო გეგმის შემუშავება, რომელშიც გაიწერება მიზნები და მათ მისაღწევად საჭირო კონკრეტული ღონისძიებები”, - აღნიშნა პრემიერმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა ხელი მოაწერეს საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობებს შორის ერთობლივ ხელშეკრულებას. ხელშეკრულება ითვალისწინებს განსაკუთრებით საშიში ინფექციების აღმოჩენის, ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობისა და რეაგირების ერთიანი ლაბორატორიული სისტემისა და საქართველოს რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის მომავალი მდგრადობის უზრუნველსაყოფად, პასუხისმგებლობის ქართული მხარისთვის გადმოცემას.