საზოგადოება
ხათუნა გოგორიშვილი: „დავით უსუფაშვილმა მითხრა, რომ მარნეულში გამგებლის კანდიდატურა მოგვეხსნა“
xatooსაქართველო, 6 ივნისი, საქინფორმი. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის ხათუნა გოგორიშვილის განცხადებით, მას პირადად დავით უსუფაშვილმა შესთავაზა, მოეხსნათ აჰმედ იმამყულიევის კანდიდატურა მარნეულის გამგებლის პოსტზე.
"მე, ხათუნა გოგორიშვილს, პარლამენტის წევრს, მიმდინარე წლის 12 მაისს, თბილისში, იუსტიციის სახლში, შეხვედრა მქონდა პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან. მან მითხრა, ხომ არ ვიფიქრებდით, მარნეულში კანდიდატურა მოგვეხსნა და ჩვენს კანდიდატს არ ეყარა კენჭი. მან ეს იმით ახსნა, რომ ზუსტად იცოდნენ, თუ როგორი მხარდაჭერა აქვს და რამდენად ძლიერია. მას შემდეგ, რაც ჩემგან უარი მიიღო, ჩვენი შეხვედრა დასრულდა. რამდენიმე დღის წინ, რაც ეს თითიდან გამოწოვილი საჩივარი დაიწერა ყველასათვის უცხო არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ და კომისიაში შეტანილ იქნა ყველანაირი ვადის დარღვევით, ნამდვილად შევატყობინე ბატონ დავითს, რომ თუ ეს წითელი ხაზი გადაკვეთილი იყო, იძულებული ვიქნებოდი, გამოვსულიყავი და ეს განცხადება გამეკეთებინა", - განაცხადა მედიასთან საუბარში ხათუნა გოგორიშვილმა. მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიამ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გამგებლობის კანდიდატი აჰმედ იმამყულიევი რეგისტრაციიდან მოხსნა, საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმების მიზეზად კი საქართველოში ცხოვრების ცენზის პირობების დაუკმაყოფილებლობა დაასახელა. შესაბამისი საჩივარი საოლქო კომისიაში ერთ-ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ შეიტანა. 
საოლქო კომისიის გადაწვეტილებას "ნაციონალური მოძრაობა" ასაჩივრებს.