საზოგადოება
მოიძიე გმირი წინაპარი!

podvig-obS-2საქართველო, 6 ივნისი, საქინფორმი. ამას წინათ ინტერნეტში გამოჩნდა რუსული საიტის http://podvig-naroda.ru ახალი ვერსია. აღნიშნული ინტერნეტრესურსი წარმოადგენს „1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში ხალხის გმირობის“ ამსახველი დოკუმენტების ელექტრონულ ბანკს.

„რფ-ის თავდაცვის სამინისტრო წარმოგიდგენთ ღია წვდომის უნიკალურ საინფორმაციო რესურსს, რომელიც დიდი სამამულო ომის ყველა მებრძოლის ჯილდოების, გმირობისა და ძირითადი საბრძოლო ოპერაციების მსვლელობისა და შედეგების შესახებ სამხედრო არქივებში არსებული დოკუმენტებით მუდმივად ივსება. პროექტის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს დიადი გამარჯვების ყველა გმირის ხსოვნის უკვდავყოფა, მიუხედავად წოდების, გმირობის მასშტაბებისა და ჯილდოს სტატუსისა; ასევე ახალგაზრდობის პატრიოტული აღზრდა მამების გმირობის მაგალითზე და ომის ისტორიის ფალსიფიკაციის მცდელობების წინააღმდეგ ფაქტოგრაფიული საფუძვლის შექმნა.

ცივილიზაციის თანამედროვე ისტორიის საკვანძო პერიოდის შესახებ შექმნილ მეტ-ნაკლებად სრულ ელექტრონულ ბანკს ანალოგი არა აქვს მოცულობით, ისტორიული და სოციალური მნიშვნელობით და წარმოადგენს ხალხის თავგანწირული გმირობის უკვდავ ძეგლს.

2012 წლის 8 აგვისტოსთვის ბანკი მოიცავს ინფორმაციას 12 670 837 დაჯილდოების შესახებ“, - ნათქვამია საიტის მთავარ გვერდზე განთავსებულ ცნობაში.

საიტის მენიუში არის საძიებელი, სადაც მამა-პაპათა გმირობის შესახებ ინფორმაციის მოძიების მსურველს შეუძლია ჩაწეროს წინაპრის გვარ-სახელი და კარტოთეკიდან მიიღოს ამომწურავი ცნობები მისი გმირობისა და ჯილდოების შესახებ, ასევე დაჯილდოების შესახებ ბრძანებულებებზე.

ინფორმაცია ღია და უფასოა.