პოლიტიკა
საქინფორმი: ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის 73 საარჩევნო ოლქი და 3 617 საარჩევნო უბანია. ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 429 748-ს შეადგენს

1-archevnebi-pol2საქართველო, 15 ივნისი, საქინფორმი. დღეს, 15 ივნისს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები დაიწყო. საარჩევნო უბნები დილის 07.00 საათზე გაიხსნა, ხმის მიცემის პროცედურა კი 08.00 საათზე დაიწყო.
ცესკო-ს მონაცემებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის 73 საარჩევნო ოლქი და 3 617 საარჩევნო უბანია. ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 429 748-ს შეადგენს.

ხმის მიცემის პროცედურა 20:00 საათზე სრულდება. ამ დროისთვის კენჭისყრის შენობები დაიკეტება, თუმცა რიგში მდგომ ამომრჩევლებს ხმის მიცემის შესაძლებლობა მიეცემათ.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე საქართველოს ამომრჩეველი 12 მერს, 59 გამგებელსა და 71 საკრებულოს 2088 წევრს აირჩევს. მერები, გამგებლები და საკრებულოს წარმომადგენლები ოთხი წლის ვადით აირჩევიან.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს საქართველოს მასშტაბით 32 საერთაშორისო და 59 ადგილობრივი ორგანიზაცია დააკვირდება. საერთაშორისო დამკვირვებელთა შორის ცესკო-ში რეგისტრაცია შვიდმა - ბრიტანეთის, ნიდერლანდების, აშშ-ის, შვეიცარიის, პოლონეთის, უნგრეთისა და შვედეთის საელჩომ გაიარა.

არჩევნებს ასევე დააკვირდებიან - "საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი" (IRI), "ადამიანის უფლებათა საერთაშორისო საზოგადოება" (ISHR), "საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი" (IFES), ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საქართველოს ფილიალი და სხვა ორგანიზაციები.