სამართალი
„განიხილება როგორც თვითმკვლელობის, ასევე მკვლელობისა და სხვა შესაძლო ვერსიები“ - მთავარი პროკურატურის განცხადება ე. კიწმარიშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით

1-suicidal-sam2საქართველო, 17 ივლისი, საქინფორმი. 2014 წლის 15 ივლისს, შემოვიდა შეტყობინება მასზედ, რომ ქალაქ თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე, №37-ე „დ“ კორპუსის მიწისქვეშა ავტოფარეხში გაჩერებულ ავტომანქანაში აღმოჩენილი იყო მამაკაცის გვამი. მითითებული შეტყობინების საფუძველზე, დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით (პიროვნების თვითმკვლელობამდე მიყვანა). შემთხვევის ადგილზე მისვლისას საკუთარ ა/მანქანაში აღმოჩნდა ეროსი კიწმარიშვილის გვამი, რომელსაც თავის არეში აღენიშნებოდა ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა. ასევე აღმოჩენილი იქნა ცეცხლსასროლი იარაღიც. მომხდარი ფაქტის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ასევე სრულყოფილი, სწრაფი და ეფექტური გამოძიების მიზნით შსს-სა და პროკურატურის თანამშრომლების შემადგენლობით შეიქმნა საგამოძიებო ჯგუფი. 
ამ ეტაპზე საქმეზე მიმდინარეობს ინტენსიური გამოძიება. კერძოდ; მიმდინარეობს შემთხვევის ადგილის დათვალიერება, პარალელურ რეჟიმში დაინიშნა ექსპერტიზები, იკითხებიან მოწმეები და სხვა. მოწმდება და განიხილება როგორც თვითმკვლელობის, ასევე მკვლელობისა და სხვა შესაძლო ვერსიები. 
გამოძიების შედეგებს საზოგადოებას ვაცნობებთ მოგვიანებით.