სამართალი
სააკაშვილის ადვოკატი: პროკურატურამ ჯერ გამოიტანა ბრალდების დადგენილება მიხეილ სააკაშვილის მიმართ და შემდეგ დაკითხა ერთადერთი მთავარი მოწმე ბურჯანაძე“

1-samart-2-Burjikსაქართველო, 31 ივლისი, საქინფორმი. მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ოთარ კახიძემპირველი რადიოს“ რადიოკლუბში სკანდალური განცხადება გააკეთა.
„გუშინ ჩვენ ჩავიბარეთ პროკურატურის მასალები, მტკიცებულებები, რომელიც მათი აზრით ადასტურებს ბრალდებას მიხეილ სააკაშვილისა და მინისტრთა კაბინეტის მაშინდელი წევრების მიმართ. გავეცანით, შევისწავლეთ მასალები, რომლებიც ჩვენ წარმოგვედგინა და ძალიან საინტერესო დეტალები აღმოჩნდა აღნიშნულ მასალებში. პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ ბრალდებულად ცნობის დადგენილებაში არის თხრობა, თუ როგორ მიიღო მან სხვადასხვა ტიპის გადაწყვეტილებები, მაგრამ წარმოდგენილ მტკიცებულებებში არცერთ გადაწყვეტილებაზე, რომელიც ეხება მიტინგის დაშლას, სამაუწყებლო კომპანია „იმედის“ დახურვის გადაწყვეტილებას და ა.შ. ამ გადაწყვეტილებებში არსად არ ფიგურირებდა მტკიცებულებების მიხედვით მიხეილ სააკაშვილის სახელი და გვარი. მე მინდა საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია, რომ მთავარი მოწმე, ერთადერთი მოწმე ამ 80 ტომიან საქმეში, ვინც მიხეილ სააკაშვილის მიერ გადაწყვეტილების მიღებებზე საუბრობს, არის ქალბატონი ნინო ბურჯანაძე და ქალბატონი ნინო ბურჯანაძის ერთადერთ ჩვენებაზე ეყრდნობა პროკურატურის პოლიტიკურად მოტივირებული საქმე მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ. ნინო ბურჯანაძის ჩვენების გარდა, არ არსებობს არცერთი სხვა მტკიცებულება, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მხრიდან რაიმე გადაწყვეტილების მიღებაზე საუბრობს. მთავარი საკითხი - როგორც საზოგადოებს აქვს ინფორმაცია, პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის ბრალდების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო 28 ივლისს, 2 საათზე გააცნეს ეს საზოგადოებას. მე მინდა წარმოგიდგინოთ ბრალდების შესახებ დადგენილება, რომელიც გამოტანილია საქართველოს  მთავარი პროკურორის, გიორგი ბადაშვილის მიერ 28 ივლისს, 13:00 საათზე. ეს არის დადგენილების გამოტანის თარიღი. დადგენილება კი რაზეც ეყრდნობა, ვგულისხმობ ერთადერთ მტკიცებულებას საქმეში - ნინო ბურჯანაძის ჩვენებას, აღნიშნული ჩვენება არის მიღებული 28 ივლისს, 17:10 საათზე. ანუ პროკურატურამ ჯერ გამოიტანა ბრალდების დადგენილება მიხეილ სააკაშვილის მიმართ მტკიცებულებების გარეშე, ანუ არცერთი მტკიცებულება როცა არ მიუთითებდა მიხეილ სააკაშვილის მხრიდან რაიმე გადაწყვეტილების მიღებას და ბრალის შემდგომ, 15:45 საათზე დაიწყო ნინო ბურჯანაძის დაკითხვა და აღნიშნული დაკითხვა დასრულდა 17:10 საათზე. ეს ნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილის ბრალის დადგენილება არის აბსოლუტურად უკანონო, დასაბუთებული ვარაუდის არანაირ სტანდარტს არ აკმაყოფილებს, ვინაიდან მისი გამოტანისას არ არსებობდა არცერთი მტკიცებულება, რომელიც მიანიშნებდა სააკაშვილის მხრიდან რაიმე გადაწყვეტილების მიღებას. ანუ ეს ნიშნავს, რომ პროკურატურას ვიღაც აჩქარებდა, როგორც ჩანს, ივანიშვილის სურვილი იყო, რომ რაც შეიძლებოდა სწრაფად გამოტანილიყო დადგენილება, მას შემდეგ, რაც მოწმის სტატუსით დაბარებული სააკაშვილი არ გამოცხადდა საგამოძიებო ორგანოში. ფორსირებულ რეჟიმში დაწერეს დადგენილება და შემდგომ დაიწყეს მტკიცებულებების შექმნა“, - განაცხადა ოთარ კახიძემ.