აქტუალური
რა მოხდა აზერბაიჯანში - რატომ დაატოვებინეს ქვეყანა ქართული მედიის წარმომადგენლებს

1aqtual-3-azerbaijanსაქართველო, 8 აგვისტო, საქინფორმი. რატომ დააკავეს „მაესტროს“ გადამღები ჯგუფი აზერბაიჯანში და რა მიზეზით დაატოვებინეს ქვეყანა ქართული მედიის წარმომადგენლებს -„მაესტროს“ ჟურნალისტი „პირველ რადიოსთან“ გუშინწინდელი ინციდეტის შესახებ დეტალურად საუბრობს.

„ჩვენ ვცდილობდით მივახლოვებოდით აღდამის რაიონს, სადაც მოვლენების ეპიცენტრია, გაგვაჩერა პოლიციამ და მოგვთხოვა სპეციალური ნებართვა, რომელიც ჩვენ არ გვქონდა. გადაგვიყვანეს განყოფილებაში. გვითხრეს რომ არ ვიყავით დაკავებულები , გვითხრეს, რომ ჩვენი იდენტიფიცირების შემდეგ გაგვათავისუფლებდნენ, თუმცა ჩამოგვართვეს საბუთები, ტელეფონები, მე და ჩემი ოპერატორი ცალ-ცალკე მანქანებში ჩაგვსვეს და გვითხრეს, რომ უნდა წავსულიყავით ბაქოში, შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანიზებულ დანაშაულეთან ბრძოლის განყოფილებაში, სადაც უნდა მომხდარიყო ჩვენი დაკითხვა... ბაქოსკენ მიმავალ გზაზე, ისევ შეცვალეს გადაწყვეტილება და მოვტრიალდით. გვითხრეს, რომ უნდა წავეყვანეთ წითელ ხიდზე. ვიკითხეთ, რომ ხომ არ იყო ეს დეპორტი, მაგრამ მათ გვითხრეს, რომ ეს არ იყო დეპორტი და ჩვენ უბრალოდ უნდა დაგვეტოვებინა ქვეყანა. ჩვენ ვითხოვდით, რომ გავეშვით ბაქოში, განვუმარტეთ რომ ბაქოში უნდა შევხვედროდით პოლიტოლოგებს, ვუთხარით, რომ დავალაპარაკებდით იმ ადამიანებს რომლებიც უნდა ჩაგვეწერა. გვითხრეს, რომ ბაქოში ვერ დაგვაბრუნებდნენ და ეს გადაწყვეტილება არ შეიცვლებოდა. პასპორტში დეპორტი არ გვირტყია, თვითონ მიგვიყვანეს წითელ ხიდამდე და გამოგვიშვეს“, - განაცხადა ლევან ჩხაიძემ.