აქტუალური
“2011 წლის 26 მაისს ივანე მერაბიშვილმა გასცა უკანონო ბრძანება მშვიდობიანი მომიტინგეების ალყაში მოქცევისა და მათი მასობრივი დაკავების შესახებ” - სააპელაციო სასამართლომ მერაბიშვილის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა

1aqtual-1-Ivaneსაქართველო, 13 აგვისტო, საქინფორმი. 11 აგვისტოს ე.წ. 26 მაისის საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლომ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ივანე მერაბიშვილის მიმართ უცვლელად დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, რომლითაც ივანე მერაბიშვილი ცნობილ იქნა დამნაშავედ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისათვის და სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლისა და 6 თვის ვადით. მასვე ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება 1 წლის, 1 თვისა და 15 დღის ვადით.

სააპელაციო სასამართლომ გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაუდო ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და 26 მაისის მოვლენების ამსახველი ვიდეომასალა, რომლებიც ადასტურებდნენ, რომ 2011 წლის 26 მაისს ივანე მერაბიშვილმა გასცა უკანონო ბრძანება მშვიდობიანი მომიტინგეების ალყაში მოქცევისა და მათი მასობრივი დაკავების შესახებ. მინისტრის ბრძანების შესაბამისად, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა ალყაში მოქცეული მომიტინგეების მიმართ გამოიყენეს ინტენსიური ძალადობა, რის შედეგადაც მოქალაქეებმა მიიღეს ჯანმრთელობის სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები, ხოლო რამდენიმე მათგანი გარდაიცვალა.