პუბლიკაციები
„ვაშინგტონ პოსტი“: „ნატოსკენ მიმავალ გზაზე, საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა ამერიკის წარმოებულ ომებში უდიდესი წვლილი შეიტანა“

1-anali-2-GEO-Washingtonსაქართველო, 15 აგვისტო, საქინფორმი. როდესაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ერაყისა და ავღანეთის კამპანიების მხარდასაჭერად საერთაშორისო კოალიციის თავმოყრა დაიწყო, პატარა პოსტსაბჭოური ქვეყნის მსგავსი ენთუზიაზმი სულ რამოდენიმე ქვეყანამ გამოთქვა.
13 წლის შემდეგ ავღანეთის ომი დასასრულს უახლოვდება. ამ დროის განმავლობაში კონფლიქტმა პოპულარობა დაკარგა, რამაც მრავალეროვნული ძალების ძალისხმევა საგრძნობლად შეასუსტა. მიუხედავად ამისა, ნატოსკენ ჯიუტად მიმავალი საქართველო იმ ქვეყნების რიგებშია, რომელიც ბოლომდე ერთგულად მსახურობს ავღანეთში და უდიდეს კონტრიბუციას ახორციელებს ამ საერთაშორისო მისიაში.

საერთაშორისო კოალიციაში გაერთიანების ნება იმ მომენტში დაიბადა, როდესაც დასავლეთის ქვეყნების დედაქალაქებს ტერორისტული თავდასხმების საფრთხე დაემუქრა და მათი უმეტესოა ასპირანტმა ქვეყნები აღმოჩდნენ. რამოდენიმე პატარა და სამხედრო თვალსაზრისით სუსტ ქვეყანას, ამ ომის ბოლო ათწლეულმა ტრანსფორმაციის შესაძლებლობა მისცა. პატარა ერებს მიეცათ შესაძლებლობა განევითარებინათ თავიანთი საბრძოლო შესაძლებლობები, უფრო მეტი შეხება ჰქონოდათ მსოფლიო ლიდერებთან და შეეცვალათ რეგიონალური პოლიტიკა.

საქართველო, რომლის ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაცია რუსეთმა 2008 წელს განახორციელა, ამ მოტივირებულ ქვეყნებს შორის იყო. საქართველოს იმედი ჰქონდა, რომ ბრძოლის თეატრში ამერიკულ სამხედრო დანაყოფებთან ერთად წლების განმავლობაში მსახურის შედეგად ალიანსში ადგილს მოიპოვებდა, სადაც ბლოკის წევრები ვალდებულები არიან  ერთმანეთის უსაფრთხოება დაიცვან.

მაშინ როდესაც ავღანეთის ომის კონტრიბუტორ რამოდენიმე ქვეყანას უკვე გაუღეს ნატოს კარი და ზოგი დღე დღეზე ელოდება გაწევრიანებას, საქართველოსთვის ყველაფერი ისევ ბუნდოვანია. ნატოს ოფიციალური პირების განმარტებით, ეს ყველაფერი ხდება იმ დროს, როცა რუსეთმა სულ ახლახანს უკრაინის ერთი ნაწილის ანექსია განახორციელა, ხოლო ქვეყნის აღმოსავლეთში კვლავ აგრძელებს დესტაბილიზაციის ხელშეწყობას. საქართველოს ოფიციალურ პირებსაც აღელვებს ვაშინგტონის პოზიცია. თეთრი სახლი ჯერჯერობით უყურადღებოდ ტოვებს საქართველოს მოთხოვნას შეიძინოს სამხედრო შეიარაღება, რათა რუსეთიდან წამოსულ შესაძლო აგრესიას უკეთ მომზადებული შეხვდეს.

„ზოგადად იმედგაცრუების გრძობაა, რადგან ჩვენ  ნატოს ბევრ წევრ ქვეყანაზე აქტიურ მონაწილეობას ვღებულობთ საერთაშორისო ოპერაციებში. ჩვენ არ გვაქვს უსაფრთხოების არანაირი გარანტიები. ერთადერთი ძალა, რომელსაც შეგვიძლია დავეყრდნოთ საკუთარი შესაძლებლობებია.“ - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ.

თბილისის 805 კაციანი სამხედრო ძალა ავღანეთში, უხეშად რომ ვთქვათ უტოლდება ესპანეთის, საფრანგეთის, დანიის, ბელგიის, პორტუგალიისა და საბერძნეთის სამხედრო დანაყოფებს ISAF-ის მისიაში. ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც პროცენტულად ერთ სულ მოსახლეზე უფრო მეტი სამხედრო მოსამსახურე ჰყავს ავღანეთში ტონგაა, რომელიც ISAF-ის მისიაში 55 ჯარისკაცითაა წარმოდგენილი.

ავღანურ კოალიციაში მონაწილე სხვადასხვა კონტინგენტებისგან განსხვავებით, საქართველოს არასდროს არ აურიდებია თავი არც ბრძოლისგან და არც ჯარისკაცების გადაყვანა მოუთხოვია ყველაზე სარისკო ადგილებიდან. მათ მხოლოდ ორი პირობა წამოაყენეს: ქართული სამხედრო დანაყოფები  აშშ-ს საზღვაო ქვეითებს გაეწვრთნათ და ავღანური საბრძოლო თეატრის სხვადასხვა სექტორზე მეთაურობის პასუხისმგებლობა აეღოთ.

„მათ თავი ყველგან სიმამაცით გამოიჩინეს. დანაკარგებისა და დაშავებულების მხრივ ქართველებმა ჩვენნაირი მსხვერპლი გაიღეს“ - აცხადებს აშშ-ს თავდაცვის მდივნის მოადგილის თანაშემწე ეველინ ფარკასი, რომლის რეგიონალურ პორტფოლიოში საქართველოც შედის.

ნატოში გაწევრიანებაზე საუბრისას, ქართველი ოფიციალური პირების ტონი შესაძლოა განაწყენებულიც მოგეჩვენოთ, როდესაც ისინი ხშირ შემთხვევაში შექმნილ დაბრკოლებაში გერმანიასა და საფრანგეთს ადანაშაულებენ, რომლებიც მჭიდრო კომერციულ კავშირში იმყოფებიან მოსკოვთან. თუმცა საერთო ჯამში მათ უმადურობას ვერ დასწამებ. ავღანურმა ომმა, 4,5 მილიონიან ქვეყანას  შესაძლებლობა მისცა დემორალიზებული და მწირი სამხედრო გამოცდილების მქონე ქვეყნის შეიარაღებული ძალები  პროფესიულ და კონკურენტუნარიან საბრძოლო ძალად გადაქცეულიყო.

ამერიკელი სამხედრო ძალის მხარდაჭერითა და წინამძღოლობით, საქართველომ ახლახანს  თანამედროვე სტანდარტების სამხედრო აკადემია შექმნა, რომლის კულტურა და სასწავლო კურსი აშშ-ს არმიის ვესტ-პოინტის სკოლის მოდელზეა აგებული. ამერიკელი საზღვაო ქვეითები კი თბილისის მახლობლად ავღანეთში წამსვლელ ქართულ ბატალიონებს წვრთნიან.

საზღვაო ქვეითთა კაპიტანი კრისტოფერ მაჩი, რომელიც სამხრეთ ავღანეთში განთავსებულ ქართულ ბატალიონთან მუშაობს, საუბრობს იმაზე თუ რამხელა პროგრესი  განიცადეს მისმა გაწვრთნილებმა. „მათი მცირე ტაქტიკური შესაძლებლობები საკმაოდ თვალშისაცემია. ეჭვგარეშეა, რომ მათ უდიდესი მეომრული კულტურა აქვთ და ბოლო რამოდენიმე წლის განმავლობაშ მძიმე ბრძოლები აქვთ გადატანილი ავღანეთში“ - აცხადებს კაპიტანი.

ავღანეთში მყოფი ქართველი სამხედროები ფრთხილობენ, როცა   ქვეყნის საგარეო პოლიტიკური მიმართულების პროცესში თავიანთ როლს განიხილავენ. ზაბულის პროვინციაში არსებულ ბაზაზე მოსამსახურე ქართველი ლეიტენანტი გოჩა გიორგაძე, რომლის დანაყოფის მოვალეობა ამერიკელების ქვეითი ბატალიონის უსაფრთხოების დაცვაა, ამბობს, რომ ის და მისი თანამებრძოლები კარგად აცნობიერებენ, თუ რას ემსახურება მათი ძალისხმევა. „რუსეთთან ომის დროს, მკაფიოდ დავინახეთ ჩვენი არმიის სისუსტეები და ჩვენ სწორედ ამ პრობლემების გამოსწორება გვინდა. პრაქტიკამ გვაჩვენა, რომ ყველაფერი შესაძლებელია“ - განმარტავს ლეიტენატი გიორგაძე.

ნატოს წევრობისგან ისევ შორის მდგარი საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ათვითცნობიერებს არსებულ რეალობას და ვაშინგტონს დაჟინებით სთხოვს საქართველო საჰაერო თავდაცვისა და ანტისატანკო სისტემებით უზრუნველყოს. სხვა ქართველების მსგავსად, ისიც რუსეთთან შესაძლო კონფლიქტის საფრთხეზე საუბრობს.

„ახალი კონფრონტაციის შემთხვევაში, ჩვენ გვსურს გვქონდეს ისეთი შესაძლებლობები, რომლითაც რუსეთს დიდ დანაკარგს მივაყენებთ. რა თქმა უნდა არ ველოდებით, რომ ჩვენს მაგივრად სხვა იომებს. ერთადერთი, რასაც აშშ-გან ვითხოვთ, მოგვცეს ის აუცილებელი საშუალებები, რაც ჩვენი თავისუფლების დასაცავად დაგვჭირდება, თუ ეს საჭირო გახდება.“ - აცხადებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.

ზოგიერთი ყოფილი ამერიკელი ოფიციალური პირი, რომლებიც ბოლო ათი წლის გამავლობაში ქართული სამხედრო ძალის ევოლუციას აკვირდებოდნენ აცხადებენ, რომ ქართველები ბევრად მეტს იმსახურებენ, ვიდრე  ვაშინგტონისგან იღებენ.

„როდესაც ჩვენ დაგვჭირდა, ბევრი ქვეყანა დაგვიდგა გვერდით,“ აცხადებს ატლანკიტური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი დეიმონ ვილსონი, რომელიც თეთრ სახლში ჯორჯ ბუშის პრეზიდენტობის პერიოდში ევროპის პოლიტიკას კურირებდა. „ძალიან არაგონივრული იქნება, თუ ჩვენ მათ მხარს არ დავუჭერთ.“

ამ აზრს იზიარებს გადამდგარი ადმირალი ჯეიმ სტავრიდისიც. მისი განცხადებით, საქართველომ ალიანსში გაწევრიანებისკენ ფორმალური ნაბიჯი, რომელსაც გაწევრიანების სამოქმედო გეგმა ეწოდება დაიმსახურა. თუმცა, ზოგიერთი წევრი ქვეყნის სიფრთხილე, სერიოზულ დაბრკოლებას წარმოადგენს.

„თავშეკავების მიზეზი ის ფაქტია, რომ საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი დიდი და აგრესიული მეზობლის მიერაა ოკუპირებული.“ - ამბობს სტავრიდისი, რომელიც ამჟამად თუფტისის უნივერსიტეტის ფლეტჩერის სკოლის დეკანია. „ამან შესაძლოა ალიანსი იმ ადგილამდე მიიყვანოს, სადაც ძალიან რთული გადაწყვეტილებების მიღება მოუწევს.“

ნატოს ოფიციალური პირების პროგნოზით, საქართველო ნატოს მომავალ სამიტზე უელსში გაწევრიანების სამოქმედო გეგმას ვერ მიიღებს, თუმცა მას პარტნიორი ქვეყნის გაძლიერებულ სტატუსს შესთავაზებენ.

სტავრიდისის აზრით, უკრაინაში, ყირიმის ანექსიის გამო დასავლეთის ურთიერთობის გაუარესებამ რუსეთთან შესაძლოა საქართველოს სასარგებლოდ იმუშაოს.

„ნატოსა და რუსეთს შორის ურთიერთობის დაძაბვა ზრდის საქართველოს შანსებს მიიღოს მეტი აღჭურვილობა და წვრთნები. ამ ფონზე, იქნებ შეძლოს კიდევ ვაშინგტონმა ალიანისის წევრები გადაარწმუნოს და საქართველო გაწევრიანების გზაზე დააყენოს.

„ეს იქნება მინიშნება რუსეთისთვის, რომ მას არავინ ეკითხება, თუ ვინ გახდება ნატოს წევრი.“ - განაცხადა სტავრიდისმა.

 

სტატიის ავტორი: ერნესტო ლონდონო