პუბლიკაციები
პრემიერი ღარიბაშვილი: „ჩემთვის გაუგებარია, რატომ დასჭირდა ერთი თვე მიხეილ სააკაშვილის მიერ გაწეული ხარჯების შესახებ დოკუმენტაციაზე გრიფი „საიდუმლოს“ მოხსნას, ვინაიდან ეს არის ძალიან მარტივი პროცედურა...“

1-neponyatno-aqt-1-an-1საქართველო, 18 აგვისტო, საქინფორმი. პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს ურჩია, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს მიმართონ კითხვით, თუ რატომ დასჭირდა ერთი თვე გრიფის მოხსნის პროცედურას: „თითოეული მოქალაქისთვის ცნობილი იყო, რომ ხდებოდა ასეთი ხარჯების გაწევა. ამაზე საუბარი იყო წლების განმავლობაში და არ არსებობდა მტკიცებულებები. სწორედ ამიტომ სჭირდებოდა პროკურატურას გრიფი „საიდუმლოს“ მოხსნა. გირჩევთ, მიმართოთ პრეზიდენტს და ჰკითხოთ, რატომ დასჭირდა ამდენი დრო. მიმაჩნია, რომ ეს იყო ძალიან მარტივი პროცედურა.

ჩემთვის, როგორც რიგითი მოქალაქისთვის არის სირცხვილი, რომ გვყავდა სამარცხვინო პრეზიდენტი, რომელიც საკუთარ ფუფუნებაზე ხალხის ჯიბიდან ამოღებულ მილიონობით ლარს ხარჯავდა. როგორ კადრულობენ და ბედავენ მისი გუნდის წევრები, ხალხს თვალებში ნაცარი შეაყარონ და თქვან, რომ ეს ყველაფერი ნორმა და მსოფლიოში მიღებული პრაქტიკაა. ამაზე პასუხს გასცემს პროკურატურა და შესაბამისი ორგანოები. საქართველოში დასრულდა განუკითხაობის და დაუსჯელობის ეპოქა. ყველას მოეთხოვება სათანადო პასუხი. ყველა მოქალაქე თანასწორია კანონის წინაშე, იქნება ეს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე თუ ნებისმიერი სხვა მოხელე“, - აღნიშნა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე კომენტარი გააკეთა მიხეილ სააკაშვილის განცხადებებზე. მისი შეფასებით, ექსპრეზიდენტი ძალიან აღელვებული ჩანდა და ტიპური დიქტატორის რიტორიკით საუბრობდა.

„მე გამახსენდა ომის კადრები, მაშინ ყველაზე მეტად იყო შეშინებული და ერთგვარი გამეორება იყო იმ კადრებისა, რაც ყველამ ერთად ვიხილეთ. არ ვიცი, რამდენად სერიოზული კომენტარი უნდა გავაკეთო მის განცხადებებზე, ვინაიდან თუ რომელიმე სახელმწიფოს მეთაურს მიაჩნია, რომ ასეთი ხარჯები არის ნორმალური, მაშინ საუბარი არ უნდა გვქონდეს დემოკრატიაზე. როგორ შეიძლება, მასაჟისტის მომსახურება და სხვა მილიონობით ხარჯი ნორმად იყოს მიჩნეული!“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.