აქტუალური
„კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვაცხადებთ, ჩვენი მუშაობის პრინციპი ყოველთვის იყო და იქნება ჯანსაღ კონკურენციაზე დაფუძნებული!” - დაზღვევის კომპანია ქართუს“ ოფიციალური განცხადება

aqtual-2საქართველო, 15 სექტემბერი, საქინფორმი. ბოლო დღეების განმავლობაში რამდენიმე  მედიასაშუალებით გავრცელდა ინფორმაცია სადაზღვევო ბაზარზე, კერძოდ, სახელმწიფო სტრუქტურებსა და სახელმწიფო პროგრამებში „დაზღვევის კომპანია ქართუს“ გააქტიურებასთან დაკავშირებით („კომერსანტი“, „ნეტგაზეთი“).

გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს „დაზღვევის კომპანია ქართუ“ გარკვეული პრივილეგიებით სარგებლობს, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის აშკარა მცდელობაა და სიმართლეს არ შეესაბამება. მსგავს ფაქტებს ადგილი არასდროს ჰქონია და არც მომავალში ექნება. „დაზღვევის კომპანია ქართუს“ მუშაობის 13 წლიანი გამოცდილება აქვს და 2001 წლიდან მომსახურებას  უწევდა შეზღუდულ სეგმენტს. 2014 წლიდან „ქართუ დაზღვევამ“ სადაზღვევო ბაზარზე ოპერირება გაააქტიურა და მომსახურება ახალი პროდუქტებით მომხმარებელთა ფართო წრეს შესთავაზა.

ჩვენი მიზანია, მომხმარებელს შევთავაზოთ საუკეთესო პირობები და ბაზარზე ვიმუშაოთ ჯანსაღი და ღია კონკურენციის წესების დაცვით. ჯანსაღი კონკურენციის პირობებზე მეტყველებს ისიც, რომ „დაზღვევის კომპანია ქართუს“ დღევანდელ კლიენტთა შორის სახელმწიფო კომპანიების წილი სხვა კომპანიებთან შედარებით მინიმალურია. რაც შეეხება აგროდაზღვევის საპილოტე პროგრამას, აღნიშნულ პროგრამაში „დაზღვევის კომპანია ქართუ“, თანაბარი პირობებით, ოთხ სხვა სადაზღვევო კომპანიასთან ერთად მონაწილეობს.