აქტუალური
„აზერბაიჯანული კომპანიების მხრიდან იგეგმება კიდევ უფრო მეტი ინვესტიციის ჩადება საქართველოში!” - პრემიერ–მინისტრის კომენტარი აზერბაიჯანში ვიზიტთან დაკავშირებით

aqtual-3საქართველო, 15 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქართული მედიის წარმომადგენლებთან კომენტარი გააკეთა, სადაც ბაქოში ვიზიტის მნიშვნელობასა და პრეზიდენტ ალიევთან შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა.

„ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა პრეზიდენტ ალიევთან. ეს არის ჩემი პირველი ოფიციალური ვიზიტი ბაქოში. ჩვენ ბევრი საკითხი განვიხილეთ და კიდევ ერთხელ დავადასტურეთ, რომ ვართ სტრატეგიული პარტნიორები. საქართველო არის საიმედო პარტნიორი აზერბაიჯანისთვის. იგეგმება კიდევ უფრო მეტი ინვესტიციის  ჩადება საქართველოს ეკონომიკაში აზერბაიჯანული კომპანიების მხრიდან. ჩვენ ამ თემებზეც ვისაუბრეთ და თავად პრეზიდენტ ალიევის სურვილია, რაც შეიძლება მეტი ინვესტიცია განხორციელდეს საქართველოში. რაც შეეხება ენერგოდერეფანს და ელექტროენერგიის ექსპორტს, ესეც ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტია. ალბათ იცით, რომ 20 სექტემბერს მე ისევ ვეწვევი ბაქოს ვიზიტით, სადაც გაიმართება შაჰდენიზის მეორე პროექტის ხელმოწერის ცერემონია, რაც არის კიდევ ერთი დადასტურება საქართველო–აზერბაიჯანის პარტნიორული თანამშრომლობის“,–აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.