აქტუალური
თსუ რექტორი მთავრობას, საკრებულოსა და დედაქალაქის მერიას საგანგებო განცხადებით მიმართავს

Rektor-aqtual-3საქართველო, 18 სექტემბერი, საქინფორმი. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თსუ-ს რექტორი ვლადიმერ პაპავა საგანგებო განცხადებას ავრცელებს, სადაც, კერძოდ, ნათქვამია:

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კუთვნილი ქონების გასხვისებამ და უნივერსიტეტის სასწავლო კორპუსებთან შეუფერებელი და მიუღებელი საქმიანობის წამოწყებამ, სამწუხაროდ, ტრადიციული სახე მიიღო.

ამჯერად, როგორც ირკვევა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მიმდებარედ, სადაც ორი სასწავლო კორპუსის გარდა, განთავსებულია ბიბლიოთეკა და უახლოეს პერიოდში სტუდენტთა და მეცნიერთა სახლის აშენება იგეგმება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის თავმოყრის ადგილას გაზგასამართი სადგურის მშენებლობა დაიწყო. გარდა იმისა, რომ ეს გადაწყვეტილება პირდაპირ უკავშირდება ახალგაზრდების უსაფრთხოების ზომების უგულებელყოფას, აფერხებს საუნივერსიტეტო სივრცის განვითარების შესაძლო პროექტებს, ასევე იგნორირებულია უახლოეს წარსულში გამოცხადებული არაერთი საინტერესო ინიციატივა, მათ შორის ახალგაზრდული ცენტრის, კვების ობიექტების მშენებლობაზე, რაც სტუდენტობისთვის განსაკუთრებულ საჭიროებას წარმოადგენდა. მივმართავთ საქართველოს მთავრობას, ქ. თბილისის საკრებულოს და დედაქალაქის მერიას, მაქსიმალურად გამოიყენონ მათ ხელთ არსებული, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი უფლებამოსილებები, რათა არ მოხდეს უნივერსიტეტის, საუნივერსიტეტო საზოგადოების, სტუდენტების ინტერესების უგულებელყოფა", – აცხადებს უნივერსიტეტის რექტორი.