პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურს მასმედიის წარმომადგენლებმა მიმართეს შეკითხვით, ესწრებოდა თუ არა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი უელსში, ნატო-ს სამიტის ფარგლებში გამართულ ორმხრივ შეხვედრებს

Administracia-polit-1საქართველო, 19 სექტემბერი, საქინფორმი. მაია ფანჯიკიძემ გუშინ განაცხადა: „პრეზიდენტმა ჩვენ შეხვდრებს არ დაგვასწრო“. მოგახსენებთ, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი ესწრებოდა:
1. საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალების (ISAF) შეხვედრას;
2. შეხვედრას ნატოს გენერალურ მდივანთან ანდერს ფოგ რასმუსენთან;
3. შეხვედრას ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან ჰერმან ვან რომპუისთან და ევროკომისიის პრეზიდენტთან ჟოზე მანუელ ბაროზოსთან;
4. შეხვედრას ბულგარეთის პრეზიდენტთან როსენ პლევნელიევთან.

საგარეო საქმეთა მინისტრი არ ესწრებოდა საქართველოს პრეზიდენტის პირისპირ შეხვედრას ლატვიის პრეზიდენტთან ანდრის ბერზინშთან.

საგარეო საქმეთა მინისტრი ვერ დაესწრო უკრაინის, პოლონეთისა და თურქეთის პრეზიდენტებთან შეხვედრას, რადგან აღნიშნული შეხვედრები გაიმართა დელეგაციათა ხელმძთვანელიბის მიღების დროს, რომლის პარალელურად იმართებოდა ნატო-ს და პარტნიორი ქვეყნების საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრების მიღება და ქალბატონი მაია ფანჯიკიძე ალექსი პეტრიაშვილთან და ირაკლი ალასანიასთან ერთად იმყოფებოდა ამ მიღებაზე.

საქართველოსა და ჩეხეთის პრეზიდენტთან შეხვედრის დროს საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვედრა ჰქონდა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის სახელმწიფო მინისტრთან ევროპისა და ნატო-ს საკითხებში დევიდ ლიდინგტონთან, თუმცა საქართველოსა და ჩეხეთის პრეზიდენტების შეხვედრას ესწრებოდა სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი. (ალასანიას შეხვედრა ჰქონდა 28+24 ფორმატით)

საქართველოს პრეზიდენტისა და საფრანგეთის პრეზიდენტის ფრანსუა ოლანდის შეხვედრას ესწრებოდნენ მხოლოდ თავდაცვის სფეროს წარმომადგენლები. ქართული მხრიდან ამ შეხვედრას დაესწრო გენშტაბის უფროსი, გენერალი ვახტანგ კაპანაძე.

რაც შეეხება 1+1 ფორმატს, ასეთი ფორმატით გაიმართა მხოლოდ ორი ღონისძიება:

1. მიღება უელსის პრინცის სახელით ნატო-ს უელსის სამიტში მონაწილე პარტნიორი ქვეყნების დელეგაციათა ხელმძღვანელების პატივსაცემად;

2. არაოფიციალური სადილი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრის მოადგილის ნიკ კლეგის სახელით პარტნიორი ქვეყნების დელეგაციათა ხელმძღვანელების პატივსაცემად.

ორივე ღონისძიებას დაესწრო საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, რაც იმთავითვე განსაზღვრული იყო ნატო-ს პროგრამით.