აქტუალური
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი არაბთა გაერთიანებულ საემიროებში დასრულდა - არაბი შეიხები ყოფილი იმელის ისტორიულ შენობაში, რომელიც სისხლის სამართლის დამნაშავე სააკაშვილმა გაძარცვა, ხუთვარსკვლავიან სასტუმროს გახსნიან

Otel-aqtual-3საქართველო, 19 სექტემბერი, საქინფორმი. მთავრობის მეთაური აეროპორტში რას ალ ხაიმას მმართველმა შეიხმა საუდ ბინ საქრ ალ ქასიმმა გააცილა.
ორდღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს მთავრობის მეთაური ალ მუშრიფის სასახლეში აბუ-დაბის ტახტის მემკვიდრეს, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანს შეხვდა. პრემიერ-მინისტრი ასევე ესტუმრა შეიხ ნაჰიანის სასახლეს, სადაც არაბთა გაერთიანებული საემიროების კულტურის, ახალგაზრდობისა და მოსახლეობის განვითარების მინისტრისა და „დაბი ჯგუფის“ თავმჯდომარის, შეიხ ნაჰიან ბინ მუბარაქ ალ ნაჰიანის სახელით ოფიციალური ვახშამი გაიმართა. „დაბი ჯგუფის“ თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილს ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს პროექტი წარუდგინა, რომელიც 2015 წლის ბოლოს, რუსთაველის გამზირზე, ყოფილი „იმელის“ შენობის ადგილზე გაიხსნება.

17 სექტემბერს საქართველოს მთავრობის მეთაურმა შეხვედრები გამართა აბუ-დაბის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე მოჰამედ თანი ალ რემეითისთან, შეიხ ჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანთან, აბუ-დაბის ტახტის მემკვიდრის სამეფო კარისა და აბუ-დაბის საინვესტიციო ჯგუფის თავმჯდომარესთან.

როგორც შეხვედრების შემდეგ გახდა ცნობილი, საქართველოს 29 ოქტომბერს არაბთა გაერთიანებული საემიროების სავაჭრო-სამრეწველო პალატის დელეგაცია ეწვევა.

აბუ-დაბიდან ირაკლი ღარიბაშვილი დუბაიში გაემგზავრა, სადაც გაიმართა შეხვედრა არაბთა გაერთიანებული საემიროების პრემიერ-მინისტრთან და დუბაის მმართველთან შეიხ მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაქტუმთან. პრემიერ-მინისტრი ასევე ეწვია ქალაქ რას ალ ხაიმას, სადაც საქართველოს დელეგაციას შეიხმა საუდ ბინ საქრ ალ ქასიმმა უმასპინძლა.