სამართალი
მთავარი პროკურატურა: „თეიმურაზ ჯანაშიასა და მისი ადვოკატის განცხადება იმის შესახებ, რომ თითქოსდა ყადაღა დაედო თეიმურაზ ჯანაშიას საპენსიო ანგარიშს, სიცრუეა“

JanaSia-samart-1საქართველო, 25 სექტემბერი, საქინფორმი. მთავარი პროკურატურის განცხადებით, „გამოძიებით დადგენილია, რომ თ. ჯანაშიას საპენსიო ანგარიში გახსნილი აქვს „ლიბერთი ბანკში“, ხსენებულ ანგარიშზე პროკურატურას ყადაღის დადება არ მოუთხოვია და ბრალდებულ თ. ჯანაშიას სრული უფლება აქვს განკარგოს მასზე არსებული საპენსიო თანხა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 18 აგვისტოს    განჩინების საფუძველზე ყადაღა დაედო  თ. ჯანაშიას იმ საბანკო ანგარიშებს, სადაც  განთავსებულია  ამ უკანასკნელის პირადი თანხა დაახლოებით 270 000 აშშ დოლარის ოდენობით, რომლის არსებობაც თ. ჯანაშიამ არ  ასახა საჯარო მოხელის ქონებრივ დეკლარაციაში.

თეიმურაზ ჯანაშია ხანგრძლივი დროის განმავლობაში იყო საჯარო მოხელე  და ამ პერიოდში მიღებული შემოსავლები აშკარა შეუსაბამობაში მოდის მის მიერ შეძენილ უძრავ ქონებასთან და პირად ანგარიშებზე განთავსებულ თანხებთან, რომელთა წარმომავლობა გამოძიების შესწავლის საგანს წარმოადგენს“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში (დაყადაღებული ქონების ჩამონათვალი იხ. აქ).

პროკურატურა დამატებით განმარტავს, რომ ქონებებაზე ყადაღის დადება არის ღონისძიება, რომლითაც, სასამართლოს მიერ შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე, მესაკუთრეებს  ეზღუდებათ მხოლოდ ქონების გასხვისება/გახარჯვა.