პოლიტიკა
საქინფორმის ექსკლუზივი: ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრისა და გორჩაკოვის ფონდის ორგანიზებით მოსკოვში ქართველი ჟურნალისტების პრეს-ტური გაიმართა - ინტერვიუ რუსეთის საერთაშორისო ურთიერთობების საბჭოს წევრთან, ლეონიდ დრაჩევსკისთან

pol-1-an-1-Mსაქართველო, 3 ოქტომბერი, საქინფორმი. 22-27 სექტემბერს, რუსეთის დედაქალაქს პრეს-ტურის ფარგლებში ქართველი ჟურნალისტები სტუმრობდნენ, მათ შორის „საქინფორმის“ კორესპონდენტი, ნატალია წერეთელი. ღონისძიების ორგანიზატორი იყო „ი.მ. გორჩაკოვის სახელობის საჯარო დიპლომატიის მხარდამჭერი ფონდი“ და „ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრი“.
პროექტის ფარგლებში ქართველმა ჟურნალისტებმა შეხვედრები გამართეს რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან გრიგორი კარასინთან, ექს საგარეო საქმეთა მინისტრთან და ექს პრემიერ-მინისტრთან ევგენი პრიმაკოვთან, ტელეჟურნალისტთან და ტელეწამყვანთან ვლადიმერ პოზნერთან, რუსეთის საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოს „რუსეთი დღეს“ გენერალურ დირექტორთან დიმიტრი კისილიოვთან,  „რუსეთში ქართველთა კავშირის“ პრეზიდენტთან მიხაილ ხუბუტიასთან და მედიის წარმომადგენლებთან.

გარდა ამისა, ჟურნალისტებს ჰქონდათ საშუალება დასწრებოდნენ რუსეთის პატრიარქი კირილის პრესკონფერენციას, რომელიც მართლმადიდებელი მედიის VI საერთაშორისო ფესტივალის „რწმენა და სიტყვა“ ფარგლებში გაიმართა. პროექტის ფარგლებშ ჟურნალისტებმა რუს ექპერტებთან ერთად ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს, როგორიც არის „ინტეგრაციული პროექტების კონკურენცია პოსტ-საბჭოთა სივრცეში“. შეხვედრას ესრებოდნენ: რუსეთის სახელმწიფო ჰუმანიტარული უნივერსიტეტის საგარეო პოლიტიკის კათედრის დოცენტი სერგეი მარკედონოვი,  პოლიტოლოგი, კავკასიისმცოდნე - ანდრეი ეპიფანცევი, ჟურნალ „ექსპერტი“-ს კორესპონდენტი, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აშშ-ს და კანადის ინსტიტუტის მეცნიერ მუშაკი გევორგ მირზაიანი, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების კავკასიის პრობლემებისა და რეგინული უსაფრთხოების ცენტრის მეცნიერ თანამშრომელი ნიკოლაი სილაევი, ექსპერტი ნიკიტა მენდკოვიჩი და „რუსეთი დღეს“ სააგენტოს ჰუმანიტარული პროექტების ცენტრის ხელმძღვანელი ვლადიმირ ლეპეხინი.

ექსპერტებმა განსახილველ თემასთან დაკავშირებით საკუთარი ხედვები წარმოადგინეს, ხოლო შეხვედრის მეორე ნაწილი დისკუსიის ფორმატში გაგრძელდა და რამდენიმე საათს გასტანა.

პრეს-ტურის ბოლო დღეს სტუმრებისთვის ორგანიზებული იყო ექსპურსია „სერგიევ პასად“-ში, სადაც თავმოყრილია რამდენიმე ტაძარი, სიწმინდეები და ისტორიული შენობები.

როგორც პრეს-ტურის ორგანიზატორები აცხადებენ, პროექტი წარმატებული იყო და რუსულ-ქართული ურთიერთობების დარეგულირების საქმეში საკუთარ პოზიტიურ წვლილს შეიტანს.

„საქინფორმის“ კორესპონდენტი რუსეთის საერთაშორისო ურთიერთობების საბჭოს წევრს და გორჩაკოვის ფონდის აღმასრულებელ დირექტორს, ბატონ ლეონიდ დრაჩევსკის ესაუბრა:

- როგორც გამოცდილ დიპლომატს, მინდა გკითხოთ, როგორ ფიქრობთ როგორ არის შესაძლებელი ქართულ - რუსული ურთიერთობების გაუმჯობესება დღეს არსებული ე.წ. „წითელი ხაზების“ არსებობის გათვალისწინებით?

- მიმაჩნია, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობებში ბევრად უკეთესი ვითარებაა, ვიდრე იყო. ადრე ეს ურთიერთობები იყო არაბუნებრივი, დღეს კი დიალოგის სურვილი არსებობს. როდესაც ჩვენ ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრი შევქმენით, საკუთარი წვლილიც შევიტანეთ ამ ურთიერთობების გაუმჯობესებაში. ჯერჯერობით ცენტრის დამსახურებები ძალიან ცოტაა, მაგრამ ვფიქრობ, ჩვენ მივეცით ერთგვარი ბიძგი, რომ ეს ურთიერთობები სწორი მიმართულებით განვითარდეს და ვაჩვენებთ გზას, რომელსაც უნდა გავუყვეთ -  შეხვედრების გზა, გულახდილი საუბრების გზა, ერთმანეთის მოსმენის და გაგების გზა. ვფიქრობ, ჩვენ  ამ მიმართულებით მუშაობას გავაგრძელებთ.

- როგორ აფასებთ ღარიბაშვილის მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს რუსეთ - საქართველოს ურთიერთობების კუთხით და იცნობთ თუ არა პირადად ბიძინა ივანიშვილს?

- არა, ბატონ ივანიშვილს არ ვიცნობ. ის რომ საქართველოში, თბილისში პოლიტიკური ატმოსფერო შეიცვალა ეს საგრძნობი გახდა.  საგრძნობია ურთიერთობების სირთულეც, მაგრამ თუ ვისაუბრებთ, პრობლემების გადაჭრის გზებსაც მოვნახავთ. მოხარული ვარ რომ დღეს მოსკოვს ქართველი ჟურნალისტები სტუმრობენ, რომლებიც აქ იმისათვის ჩამოვიდნენ, რომ მოისმინონ სხვადასხვა მოსაზრებები და პოზიციები. ჩვენ, ჩვენი მხრიდან ვეცადეთ, რომ მათ ჰქონოდათ საშუალება ენახათ და მოესმინათ რუსეთში არსებული მოსაზრებების ფართო სფექტრი.

- რა მოლოდინები იყო პრეს-ტურთან დაკავშირებით და რატომ არის განსაკუთრებულად საინტერესო მსგავსი პროექტები?

- ყველანაირი პროექტებია საჭირო - მათ ყველას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. პრეს-ტურს თავისი უპირატესობა გააჩნია - ეს არის ის, რომ იგი მაშინათვე ხვდება საინფორმაციო საშუალებებში. ის, რასაც საკუთარი თვალით ნახულობენ და ისმენენ იმ ადამიანების გონებაში ილექება, რომლებიც ამ საკითხზე წერას და საუბარს აპირებენ.

ვფიქრობ, რომ არა მხოლოდ ჟურნალისტების, არამედ ყველა სფეროს წარმომადგენლების შეხვედრები და საუბრები ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია - ეს იქნება ოფიციალური შეხვედრები თუ არაოფიციალური საუბრები.

- როგორია ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის სამომავლო გეგმები?

- პირველ რიგში ეს გეგმები ეხება ცენტრის ყოველდღიურ, აქტიურ მუშაობას. ამ ყოველდღიურ საქმიანობას ვხედავთ იმაში, რომ დავიწყოთ რუსული ენის სწავლების უფასო კურსები თბილისში, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება მოსახლეობის ფართო ფენისათვის და იმ ადამიანებისათვის , ვინც ფინანსურად უზრუნველყოფილი არ არის.

გარდა ამისა, ცენტრის ორგანიზებით გაიმართება სხვადასხვა სახის განხილვები, რომლებშიც ჩართულები იქნებიან ექსპერტები და სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფები. იქნება საპასუხო ვიზიტები როგორც რუსეთში ისე საქართველოში.  ეს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია დღეს, რადგან ძალიან დიდი დროის განმავლობაში ორ ერს შორის კონტაქტები შეიძლება არა გაწყვეტილი, მაგრამ ძალიან შეზღუდული იყო. ცენტრს არ გააჩნია ძალიან რთულად განსახორციელებელი იდეები, ვფიქრობ, ჩვენი ძალიან უბრალო მოქმედებების შედეგად შევძლებთ შედეგის მიღებას.

pol-1-an-1-1 pol-1-an-1-2
pol-1-an-13 pol1-an-1-4